შესავალი

გამოჩენილი მოაზროვნე ინტელექტუალი, ნაყოფიერი მწერალი და პოეტი ფეთჰულაჰ გიულენი უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში არის საკმაოდ გავლენიანი და ავტორიტეტული პიროვნება, ისლამის თეოლოგი და განმანათლებელი, მრავალი კონსტრუქციული იდეის ავტორი. მისი მოწოდება მიმართულია მოთმინებისა და სათნოებისაკენ, განათლების ძირეული გარდაქმნისა და მისი სრულყოფისაკენ, რომელმაც გამოძახილი ჰპოვა თურქული საზოგადოების ფართო წრეებში და ასევე მსოფლიოს სხხადასხვა წრეებშიც. ფეთჰულაჰ გიულენის მოღვაწეობა მიმართულია იმ მაღალი და კეთილშობილური მიზნების მიღწევებზე, რომლებიც გასცდა ქვეყნის ჩარჩოებს და მოიცვა მთელი მსოფლიო.

ფეთჰულაჰ გიულენის მოწოდებაში დევს ისლამური რწმენისა და თანამედროვე მეცნიერული განათლების წარუშლელი ფასეულობების გაერთიანება, რომელიც უკეთესი სამყაროს შექმნის მიზნით ეფუძვნება პოზიტიურ აქტივიზმს, ალტუიზმს, რელიგიათა და კულტურათაშორის დიალოგს. იმავდროულად, მისი სურვილია უანგაროდ ემსახუროს ხალხს და ამით მოიპოვოს უზენაესის კეთილგანწყობა. მთელი თავისი ცხოვრება მან მიუძღვნა კაცობრიობისათვის იმის ახსნას , რომ ჭეშმარიტი რელიგია გვასწავლის სიყვარულს, მოთმინებას, შრომას, თანხმობას და ბევრ სხვა ფასეულობებს, რომელთაც ადამიანები მიჰყავთ სრულყოფისაკენ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ბოლო დრომდე შეინიშნებოდა ნაკლებობა, იმ სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც მიძღვნილი იყო უშუალოდ ფეთჰულაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ეს გამოცემა არის ამ ვაკუუმის შევსების პირველი ცდა, რომელშიც მოცემულია ფეთჰულაჰ გიულენის მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვა, ცხოვრების ქრონიკა და მასობრივი ინფორმაციის წყაროებისადმი მის მიერ მიცემული ინტერვიუები და შეხედულებები თანამედროვეობის ყველაზე სასიცოცხლო პრობლემებზე.

იმედი გვაქვს, რომ წარმოდგენილი წიგნი გამოიწვევს მკითხველის დიდ დაინტერესებას.