შედარებითი მიდგომა ისლამისა და დემოკრატიისადმი

რელიგია, განსაკუთრებით კი ისლამი, ბოლო წლების განმავლობაში გახდა მსჯელობის ყველაზე რთული საგანი. თანამედროვე კულტურა მას უახლოვდებოდა ან ანთროპოლოგიის, ან თეოლოგიისა და ფსიქოლოგიის, ან ფსიქოანალიზის თვალსაზრისით და აფასებდა მას ემპირიული მეთოდებით.

ერთის მხრივ, რელიგია არის მოვლენა, რომელსაც ადამიანი შინაგანად გრძნობს და განიცდის, რომელსაც აქვს ურთიერთობა მისი ცხოვრების რეგულარულ და შეუცვლელ ასპექტებთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ზოგიერთ მორწმუნეს რელიგია შეუძლია განიხილოს, როგორც ფილოსოფია, რაციონალური პრინციპების კრებული ან უბრალოდ მისტიციზმი. 

თუ ჩვენ გვინდა ზუსტად გავაანალიზოთ რელიგია, დემოკრატია, ფილოსოფია ან რომელიმე სხვა სისტემა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადამიანის ბუნებასა და ადამიანურ ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით, საერთოდ, რელიგია, კერძოდ კი ისლამი ერთნაირი მიდგომით არ შეიძლება შევადაროთ დემოკრატიას ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ სისტემებს. რელიგია ყურადღებას ამახვილებს ცხოვრებისა და ყოფის არადამატებით და უცვლელ ასპექტებზე, იმ დროს როცა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სისტემებს ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განსაზღვრული და მუდამ ცვალებადი საზოგადოებრივი ასპექტები აღელვებს.

ცხოვრებისეული ასპექტები, რომლებიც უმთავრესად აინტერესებს რელიგიას, ისევე აქტუალური და ფასეულია, როგორც კაცობრიობის ჩასახვის პერიოდში და ასეთად დარჩება მომავალშიც. მატერიალური სისტემები კი იცვლება მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამიტომ შეიძლება იყოს შეფასებული მათი არსებობის საწყისი დროიდან. რწმენა ღვრთისა, იმქვეყნიური ცხოვრება, წმინდა შუამავლები, საღვთო წიგნები, ანგელოზები და ისლამის ფუძემდებლური პრინციპები, რომელთაც, ასევე ეწოდებათ „ისლამის ტაეპები”, არ ექვემდებარება ჟამთა ცვლას, ისევე, როგორც ღვთის თაყვანისცემისა და ზნეობის უნივერსალური და უცვლელი პრინციპები არანაირ კავშირში არ არიან მიწიერ ცხოვრებასთან.

ისლამის მთავარი მიზანი და მისი ჭეშმარიტება გავლენას ახდენს კანონებზე, რომლებიც მართავენ ჩვენი ცხოვრების მუდამ ცვალებად მხარეებს. ისლამი არ გვთავაზობს მმართველობის უცვლელ ფორმას და ცდილობს ფორმირება გაუკეთოს მას.

დემოკრატიული იდეები უძველესი დროიდან მომდინარეობს. თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ჩაისახა ამერიკისა (1776 წ) და საფრანგეთის (1789-1799 წ) რევოლუციების მსვლელობისას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხი საკუთარ თავს თავისით მართავს. ამ პოლიტიკურ სისტემაში, პიროვნებას საზოგადოებაში გააჩნია უპირატესობა, განსაზღვროს თუ როგორ განვლოს ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ინდივიდუალიზმი არ არის აბსოლუტური. ხალხი აღწევს საზოგადოებაში ცხოვრების საუკეთესო პირობებს. ეს კი მოითხოვს მათგან შესაბამის ალღოს და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებრივი კრიტერიუმების შესაბამისად.

ისლამი მხარს უჭერს შემდეგ პრინციპებს:

  • ძალა ჭეშმარიტებაშია, ისლამი უარყოფს ფართოდ გავრცელებულ იდეას იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტება ძალის მხარეზეა.
  • სამართლიანობა და კანონი - სასიცოცხლო მნიშვნელობის მცნებებია.
  • აღმსარებლობის თავისუფლება და სიცოცხლის უფლება, ინდივიდუალური საკუთრება და აგრეთვე ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი, არ შეიძლება იყოს დარღვეული.
  • საიდუმლოების გარანტია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
  • უდანაშაულობის პრეზუმპცია. არავინ არ შეიძლება იქნას დადანაშაულებული მტკიცებულების გარეშე ან სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის დასჯილი.
  • სისტემაში აღმასრულებელი ხელისუფლების კოლეგიალობა.

•ისლამი თვლის, რომ საზოგადოება გონივრული ინდივიდებისაგან შედგება, რომელთაც არჩევანის თავისუფლება და არამარტო პირადი გრძნობა აქვთ, არამედ პასუხისმგებელნი არიან გარშემომყოფთა წინაშე. უფრო მეტიც, ისლამი წინ დგამს ნაბიჯებს, რასაც ემატება ასპექტი. ის კაცობრიობას განიხილავს, როგორც ისტორიის „ძრავას” XIX საუკუნის ზოგიერთ დასავლურ ფილოსოფიურ, ფატალისტურ და სხვა მიმდინარეობათა საწინააღმდეგოდ, მაგალითად, როგორიცაა დიალექტიკური მატერიალიზმი. ისევე, როგორც ინდივიდების თავისუფალი ნება და ქცევა განსაზღვრავს მათი ცხოვრების შედეგს და უმკვიდრებს ადგილს იმქვეყნად. ასევე, საზოგადოების პროგრესი ან რეგრესი განისაზღვრება ამ საზოგადოების წევრთა ნებით, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების ნირით. წმინდა ყურანში ნათქვამია: „ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის იმას, რაც ადამიანებს სჭირთ” (13:11). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ყოველი საზოგადოება მართავს თავის ბედს. წმინდა მუჰამმედ შუამავლის შემდეგ გამონათქვამში ეს კიდევ ერთხელაა ხაზგასმული: „თქვენ იქნებით მართული ისე, როგორც ამას იმსახურებთ”. აი, ეს არის დემოკრატიის სული და საფუძველი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს. რადგან ისლამი თავად ინდივიდებსა და საზოგადოებას თვლის საკუთარი ბედის პასუხისმგებლად, ხალხი თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმისა, თუ, როგორ მართავენ მათ. ყურანი საზოგადოებას შემდეგნაირად მიმართავს: „ო, ხალხნო!”, და ”ო მორწმუნენო!”. ვალდებულებები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიულ ძალებს აკისრიათ, იგივე ვალდებულებებია, რომლებსაც ისლამი საზოგადოებას წარუდგენს. ახდენს მათ კლასიფიცირებას, როგორც „აბსოლუტურად აუცილებელს, შედარებით აუცილებელს და რეკომენდირებულს შესასრულებლად”.

ადამიანები ურთიერთთანამშრომლობენ, ასრულებენ ვალდებულებებს, ქმნიან დაწესებულებებს, რომლებიც აუცილებელია ამ ვალდებულებების შესასრულებლად, მთავრობა კი აერთიანებს ამ დაწესებულებებს. აქედან გამომდინარე, ისლამი გვთავაზობს საზოგადოებრივ ურთიერთშეთანხმებაზე დაფუძვნებულ მთავრობას. ხალხი ირჩევს მთავრობას და აფუძნებს სახელმწიფო ორგანოს, რომელიც განიხილავს საზოგადოებრივ პრობლემებს და საკითხებს. საზოგადოება, ასევე მონაწილეობს ადმინისტრაციის შემოწმებაში და მის მუშაობაში. მთავრობის ფუნქციონირების ზემოხსენებული პრინციპები, მათში არსებული თავისუფალი არჩევნები, განსაკუთრებულად ზედმიწევნით დაცული იყო პირველი ოთხი ხალიფას მმართველობის დროს (632-661 წ). მეოთხე ხალიფა - ალის სიკვდილის შემდეგ, მსოფლიოში შექმნილი ვითარებითა და შინაგანი კონფლიქტების გამო, იმ დროის პოლიტიკური სისტემა ტრანსფორმირებული იყო სასულთნოებში. ხალიფატისგან განსხვავებით ძალაუფლება სასულთნოების დროს მემკვიდრეობით გადაეცა ერთი ოჯახის წევრებს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი არჩევნები აღარ ტარდებოდა, სხვა დანარჩენი პრინციპები, რომლებიც ახლა წარმოადგენენ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ფუძეს, იმ დროისთვის დაცული იყო.

ისლამი - ეს არის გამაერთიანებელი რელიგია. ის დაფუძნებულია მხოლოდ ერთი ღმერთის რწმენაზე, რომელიც არის მთელი სამყაროს შემქმნელი, ბატონი, დამცველი და მმართველი. ისლამი მთელი სამყაროს რელიგიაა. ეს ნიშნავს, რომ სამყარო ექვემდებარება კანონებს, რომლებიც დადგენილია ღვთის მიერ. ამ თვალსაზრისით, სამყაროში მყოფი ყველა ადამიანი მიჩნეულია „მუსლიმანად”, ემსახურება ღმერთს და ემორჩილება მის კანონებს. ის ადამიანიც კი, ვინც უარს აცხადებს ღმერთის რწმენაზე ან სხვა რელიგიის მიმდევარია ნებით თუ უნებლიეთ, მიჩნეულია მუსლიმანად, რამეთუ მისი სხეული - შექმნილი სამყაროს ნაწილია. მთელი ცხოვრება, ემბრიონის სტადიიდან სხეულის ფერფლადქცევამდე, სიკვდილის შემდეგაც ყოველი ნაწილი, ყოველი კუნთი მისი სხეულისა მიჰყვება ღმერთის მიერ მათთვის ნაბოძებ კურსს. ღმერთი, ბუნება, კაცობრიობა, როგორც ვხედავთ, ისლამში არ არის განცალკევებული ერთმანეთისაგან და არ არის ერთმანეთისათვის უცხო. ღმერთი ავლენს საკუთარ თავს ბუნებასა და კაცობრიობაში. ადამიანი და კაცობრიობა - ეს ორი წიგნია, რომელთა თითოეულ ასო-ბგერაშიც კი ღმერთი გვესახება. ამას კაცობრიობა მიჰყავს იმ აზრამდე, რომ, როგორც ის თვითონ, ასევე ყველაფერი, ეკუთვნის ღმერთს და ამიტომ არაფერია მისთვის უცნობი ამ სამყაროში. ამ თვალსაზრისით ღვთიური სიმპათია, სიყვარული და დახმარება არ შემოიფარგლება განსაზღვრული რასით და ეთნიკური ნიშნით. წმინდა მუჰამმედ შუამავალმა ეს შემდეგ მიმართვაში გადმოსცა: „ღვთის მონებო, იყავით ძმები და დები”.

ისლამური სოციალური სისტემა ისწრაფვის შექმნას კეთილი საზოგადოება და ამით მიიღოს უზენაესის თანხმობა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლად მიიჩნევს სამართალს და არა ძალასა და მტრობას. ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული რწმენაზე, სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთდახმარებაზე და არა კონფლიქტებსა და პირად ინტერესებზე. სოციალური თვითშეგნება აღვიძებს ხალხში მიზნად დაისახონ მაღალი იდეალებით ცხოვრება, ილტვოდნენ სრულყოფისაკენ და არა იმას, რომ უბრალოდ მისდიონ თავიანთ ვიწრო ინტერესებს და აისრულონ თავიანთი სურვილები. უფლება ითვალისწინებს ერთიანობას, სიკეთე უზრუნველყოფს ურთიერთმხარდაჭერას და სოლიდარობას, რწმენა კი - ხალხთა შორის ძმური დამოკიდებულების გარანტიაა. ჩვენი სულების წაქეზებას სრულყოფისაკენ ბედნიერება მოაქვს, როგორც სააქაოში, ისე იმ ქვეყნად.

დროთა განმავლობაში დემოკრატია ვითარდებოდა. მან მრავალი ეტაპი განვლო, მომავალშიც გაგრძელდება მისი სრულყოფა და გაუმჯობესება. თავისი განვითარების გზაზე დემოკრატია გახდება უფრო ჰუმანური და სამართლიანი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება სიკეთესა და ჭეშმარიტებაზე. თუ დემოკრატია დაიწყებს ხალხის, როგორც მთლიანობის განხილვას, არ აარიდებს თავს მათი არსებობის მორალურ მხარეს და სულიერ მოთხოვნებს, არ დაივიწყებს, რომ ადამიანის ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური სამყაროთი და, რომ ადამიანები ისწრაფვიან მარადისობისაკენ, მაშინ მას შეუძლია სრულყოფის პიკს მიაღწიოს და კაცობრიობას მეტი ბედნიერება მიანიჭოს. ისლამური თანასწორობის, მოთმინების და სამართლიანობის პრინციპებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ამის განხორციელებაში(წწწ.ფ.გულენ.გე).