მოაზროვნე

პიროვნება, რომლის შესახებაც თურქეთში 1990-იან წლების შემდეგ ყველაზე მეტად ლაპარაკობენ გახლავთ ფეთჰულაჰ გიულენი. მისი თაოსნობით გაიხსნა სასწავლებლები, რომლებმაც მსოფლიო სამეცნიერო ოლიმპიადებზე ბრწყინვალე წარმატებები მოიპოვეს. თურქმა ბიზნესმენებმა ეს სასწავლებლები სანიმუშოდ მიიჩნიეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნეს. განათლების სფეროში დამსახურებით იგი უდიდესი პიროვნებაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ფეთჰულაჰ გიულენი დაიბადა არზრუმში 1938 წელს, ამჟამად პენსიაზე გასული, მკურნალობის მიზნით, აშშ-ში ცხოვრობს. ფ. გიულენი მოძღვარი და მეცნიერი, ლიტერატორი და ხელოვანი, ბრწყინვალე ორატორი, პოეტი და მწერალია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი წიგნი, სტატია და ლექსების კრებული. მრავალი მის ლექსი საფუძვლად დაედო მუსიკალურ ნაწარმოებებს, თავის სამშობლოში და საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციებზე ბევრჯერ გამოსულა მოხსენებებით, დაბეჭდილი აქვს მრავალი სტატია ადგილობრივ და უცხოეთის გაზეთებსა და ჟურნალებში.

ფეთჰულაჰ გიულენს, რომელსაც საზოგადოებაში ჰოჯაეფენდის ეძახიან (ბატონ მასწავლებელს), ერთი თვალშისაცემი და ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს: იგი რელიგიურ მეცნიერებებთან ერთად, ბევრ მეცნიერებებს იცნობს და იცავს დებულებას, რომ რელიგიასა და მეცნიერებას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. მისი ხელმძღვანელობით დაარსებული სასწავლებლების წარმატებები სამეცნიერო ოლიმპიადებზე და ის, რომ იგი მეცნიერებასაც ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც ეთიკურ და ჰუმანისტურ ღირებულებებს, მოწმობს რელიგიისა და მეცნიერების ერთიანობას. როდესაც მის ნაწარმოებებს ვსწავლობთ, შეუძლებელია, არ დავინახოთ მათში რელიგიური, მეცნიერული, ლიტერატურული, ფილოსოფიური სიღრმე. ლექციები, რომელიც მან წაიკითხა დარვინიზმის თემაზე გამორჩეულ მსმენელთა წინაშე, მის მეცნიერულ განათლებაზეც მეტყველებს.

ვატიკანში პაპთან, იოანე პავლესთან საუბარში თქვა \"კაცობრიობა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ერთმანეთს უპირისპირებს და დრო და დრო მეცნიერების სახელით რელიგიას, რელიგიის სახელით მეცნიერებას უარყოფს. ცოდნა მთლიანად ღმერთს ეკუთვნის და რელიგიაც ღმერთსაგან არის. ასეთ შემთხვევაში როგორ უპირისპირდებიან ისინი ერთმანეთს?\" ამით იგი ხაზს უსვამს, რომ მეცნიერებაც და რელიგიაც ორივე ერთი ღვთიური წყაროდან იღებს სათავეს.

ფეთჰულაჰ გიულენი მეცნიერებს ხელს უწყობს, რომ იმუშაონ გენური ინჟინერიის, ორგანოთა გადანერგვის, მუსიკის, ხელოვნების, თანამედროვე თეოლოგიის, ყურანის კომენტირების, მუსლიმანურ-ქრისტიანული დიალოგისა და მსგავს საკითხებზე, მოუწოდებს მათ ამ ეპოქაში აღნიშნული საკითხების შესახებ, რამდენადაც შესაძლებელია, სწორი პასუხები შეიმუშაონ.

გიულენმა მთელი თავისი ცხოვრება საზოგადოებასა და მთელ კაცობრიობას მიუძღვნა. იგი განუწყვეტლივ შრომობს, დღეში მხოლოდ იმდენ ხანს იძინებს, რამდენიც ადამიანს სიცოცხლისთვის სჭირდება. მან მრავალი მოწაფე გამოზარდა და დროს ლოცვებში ატარებს, პენსიისა და თავისი ნაწარმოებებისგან მიღებული ჰონორარის გარდა სხვა არავითარი შემოსავალი და ქონება არ გააჩნია. გიულენი წუხდა, რომ ინტენსიური შრომის გამო, ოჯახის წევრების მიმართ საჭირო ყურადღებას ვერ გამოიჩენდა და არ დაქორწინებულა. მთელი თავისი ცხოვრება საზოგადოებას შესწირა.

გიულენის ცნობილი პრინციპებია: \"ყველას მიღება თავიანთი მდგომარეობით\", \"დიალოგი\" და \"შემწყნარებლობა\". ამ პრინციპებს იყენებს ურთიერთობაში. ამ თავისებურების გამო გიულენმა მთელი მსოფლიოს ინტერესი და პატივიცემა დაიმსახურა. ახალგაზრდობის პირველი წლებიდანვე შეიძინა მრავალი ახლო მეგობარი, რომლებიც სხვადასხვა რელიგიას, საზოგადოების ძალზე განსხვავებულ ფენებს მიეკუთვნებიან და სხვადასხვა შეხედულებები გააჩნიათ. გიულენს ჰყავს მეგობართა და მოყვარულთა ძალზე ფართო წრე. ფეთჰულაჰ გიულენმა ამგვარი მუსულმანური მოაზროვნის სახით, ყველა რელიგიის, ერის და შეხედულების ადამიანებს საერთო სარგებლობა მოუტანა. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მოწყვეტილი იყვნენ და მტრობდნენ კიდეც, მისი წყალობით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შეხვდნენ და ერთმანეთს დაუახლოვდნენ.

ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელსაც არცერთი პიროვნებისა თუ საზოგადოებისათვის ბრძოლა არ გამოუცხადებია, რომელსაც ერთი ცუდი სიტყვა არ დასცდენია სასტიკი კრიტიკოსების მიმართაც, მტრად მხოლოდ ურწმუნოება, უვიცობა, განხეთქილება, სიღარიბე და გაჭირვება მიიჩნია. მისი მთავარი მოწინააღმდეგენი გახდნენ აგრესიული ათეისტები და ისინი, რომლებსაც ქვეყნისა და ერის ერთიანობა და სოლიდარობა, საზოგადოების კულტურისა და კეთილდღეობის დონის ამაღლება პირად დაპირისპირებად მიაჩნიათ.

ფეთჰულაჰ გიულენი, როგორც სასულიერო მოღვაწე, საზოგადოების ყოველი ფენის ადამიანებთან ახლო და თბილ ურთიერთობას ამყარებს. მისი მოყვარული საზოგადოების წრე ძალიან ფართოა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა. ჯანსაღად მოაზროვნე და გონიერი ადამიანების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს და უწონებს მოღვაწეობას. ზოგიერთმა ანგარებით შეპყრობილმა პატარა ჯგუფმა, რომელიც მედიის გარკვეული წრის მხარდაჭერას იყენებს, სამიზნედ გაიხადა გიულენი. ეს მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ყოველ შემთხვევას იყენებენ ხელისუფლებისა და სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად, გიულენს ყოველგვარ ცილს სწამებენ და მათ ხელთ არსებული მედიის მხარდაჭერით, ზოგიერთი პატიოსანი და გულმართალი ადამიანის დარწმუნებას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ტელე არხი NთV-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, თურქული საზოგადოების 86 პროცენტს უყვარს გიულენი და მხარს უჭერს მას. ასეთი მარგინალური და საწინააღმდეგო თვალსაზრისზე მდგომი ჯგუფების არსებობა ყველა საზოგადოებაში ნორმალურად უნდა ჩაითვალოს.

გიულენის მიმართ უსაფუძვლო ეჭვებით შეპყრობილებს უნდა შევახსენოთ ერთადერთი რამ: პიროვნება, რომელიც მის მიმართ ეჭვს გამოთქვამს, ისეთივე დიდი უნდა იყოს, როგორიც გიულენია, რომელსაც არ გააჩნია თავისი პირადი ცხოვრება, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საზოგადოებას მიუძღვნა და მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ადამიანთა მისამართით, რომელთა საქმე და სიტყვა ერთმანეთს სცილდება, ამბობენ: \"ადამიანის სარკე საქმეა, ლაპარაკს ყურადღებას ნუ მიაქცევ\". ჰოდა, ფეთჰულაჰ გიულენის სიტყვაც და საქმეც სანიმუშოა. იგი ადამიანთა წინაშე დგას თავისი სიტყვებით და საქმით, რომლებიც თვალს ახარებენ, გულს ამშვიდებენ.

 

გიულენის ძალისხმევა დიალოგისა და მშვილობისათვის

ფეთჰულაჰ გიულენი იღვწის, რომ მთელი მსოფლიო ადამიანებისათვის თავისებურ მშვიდობის კუნძულად იქცეს. მას დიალოგის, შემწყნარებლობისა და ყველას აღიარების საფუძვლები მსოფლიო განზომილებაში გადაჰყავს, ყველა რელიგიის წარმომადგენლებს ხვდება და ამგვარად, თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში. მისმა მოღვაწეობამ, პრესაში ფართო ასახვა ჰპოვა.

 

შეხვედრა ბერძენთა პატრიარქ ბართლომეოსთან

 

ორი რელიგიის ლიდერი, რომლებიც საზოგადოებრივი შემწყნარებლობისკენ მიმართული კავშირების დასამყარებლად ყველაზე მეტად იღვწიან, მეგობრულ ატმოსფეროში ერთმანეთს შეხვდნენ და თურქეთში მუსლიმ და არამუსლიმ მორწმუნეებს დიალოგი გაამართვინეს. ამ შეხვედრებზე ბატონმა ფეთჰულაჰ გიულენმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რელიგიებში მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი და, რომ ამჟამად, მსოფლიო ყველაზე მეტად მშვიდობას საჭიროებს. იესო ქრისტე მუსლიმებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველია. ადამიანი, რომელსაც თქვენ დიდ პიროვნებად მიიჩნევთ, ჩვენთვისაც დიდია და ამ სიტყვებს ჩვენ გულწრფელი და ღრმა გრძნობებით წარმოვთქვამთ. მორწმუნე ადამიანებმა მსოფლიოში შემწყნარებლობისა და სიყვარულის გაბატონებისათვის უნდა იღვაწონ, მათი ძალისხმევა ურწმუნოების, ბოღმისა და სიძულვილის აღმოსაფხვრელად უნდა იყოს მიმართული. დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მსოფლიოს მშვიდობა და სიწყნარე და მათ მისაღწევად საზოგადოებას ისეთი ადამიანები უნდა წარუძღვნენ, რომლებსაც ერთი ღმერთის რწმენა აქვთ. პატრიარქმა ბართლომეოსმაც ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერით, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში გახსნილი სკოლების საქმიანობა ქებით მოიხსენია.

 

ისრაელის რელიგიური თემის ხელმძღვანელებთან შეხვედრა

ისრაელის რელიგიური თემის ხელმძღვანელმა ელიაჰე ბაქში დორიონმა ფ. გიულენთან შეხვედრისას განაცხადა: \"ჩვენ შემწყნარებლობასა და სიმშვიდეში უნდა ვიცხოვროთ, როგორც ამას რელიგია გვავალდებულებს. რელიგიურმა მოღვაწეებმა უნდა ვიღვაწოთ, რომ ჩვენს შორის პატივისცემამ, სიყვარულმა დაისადგუროს, როგორც ამას ღმერთი ბრძანებს. რომის პაპმაც პატივისცემასა და სიყვარულზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რელიგიურმა მოღვაწეებმა მშვიდობა უნდა გავავრცელოთ მსოფლიოში. ამიტომ იმ ადამიანებს უნდა შევხვდეთ, რომლებსაც მსოფლიოში ძლიერი კონტაქტები აქვთ. თქვეთანაც შეხვედრა იმიტომ მოვინდომეთ, რომ ვიცით, ამგვარი კავშირების თვალსაზრისით ძლიერი ბრძანდებით\".

ფეთჰულაჰ გიულენმა თქვა: \"მსოფლიოში მშვიდობის\" მისაღწევად ჩვენს საუკუნეში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის დიალოგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ ერთობლივი ამოცანის გარშემო, რომელიც თორას, სახარებასა და ყურანს აქვს\".

 

მსოფლიო ეკლესიათა კავშირის წევრთა საუბარი

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად მსოფლიო ეკლესიათა კავშირის წევრები ესტუმრნენ ფეთჰულაჰ გიულენს. კავშირის პრეზიდენტმა უოლტერ იუენბიმ განაცხადა: \"ჩვენ კარგად ვიცით თქვენი მოღვაწეობის შესახებ, რომელსაც ინტერესით ვადევნებთ თვალყურს. ჩვენ ვფლობთ აგრეთვე ინფორმაციას თქვენს მიერ აშშ-ში მუსლიმებთან გამართული შეხვედრების შესახებ. ჩვენ ერთიანი მიზნები გვაქვს. სხვადასხვა კულტურების ადამიანების შემწყნარებლობისაკენ მოწოდება რეგიონში პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ჩვენ ამ ამოცანას წარმატებით გადავჭრით. რელიგიის მოღვაწეები სარწმუნოებიდან გამომდინარე, მოვალეობებს უფრო ნათლად ჩამოვაყალიბებთ და ამგვარად, სამშვიდობო პროცესი შეიძლება დავაჩქაროთ.

გიულენმა მუსლიმების, ებრაელთა და ქრისტიანების მიერ წმინდა ქალაქად მიჩნეული იერუსალიმის სტატუსის პრობლემის გადასაჭრელად, ამ წმინდა ადგილისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება მოითხოვა, რათა იგი მთელი მსოფლიოს ადამიანებისათვის \"ღია იყოს\". ომარ წინასწარმეტყველმა იერუსალიმი ყველა სარწმუნოებისათვის გახსნა. მივანიჭოთ იერუსალიმს ძველი სტატუსი, _ განაცხადა გიულენმა.

 

გიულენი ნიუ-იორკში, კათოლიკეთა ლიდერთან ჯონ ოძკონორთან

ბატონი ფეთჰულაჰ გიულენი, ნიუ-იორკში კათოლიკეთა ერთ-ერთ ცნობილ ლიდერს კარდინალ ჯონ ოძკონორს შეხვდა, რომელიც რომის პაპის მარჯვენა ხელადაა ცნობილი და რომელიც აშშ ხელმძღვანელობასა და გაეროში დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობს. ამ შეხვედრის დროს ჯონ ოძკონორმა, რომელიც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს გიულენის მოღვაწეობას, განაცხადა: \"თქვენს შესახებ ბევრი რამ მაქვს წაკითხული, თქვენ პატიოსნებისა და შემწყნარებლობის ადამიანი ბრძანდებით. დასავლეთს დიდ იმედს აძლევთ\". ბატონმა ფეთჰულაჰ გიულენმა მოსაუბრეს შეახსენა მომავალში ცივილიზაციების შეჯახებების შესახებ თვალსაზრისი. თუ კი ამგვარი რამ არის მოსალოდნელი, მის აღსაკვეთად, თქვენი უწმინდესობისაგან ველით, რომ წინ აღუდგებით. შეჯახების აღსაკვეთათ მეჩეთმა, ეკლესიამ, სინაგოგამ, ერთობლივად, ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა იმოღვაწონ. აქ ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ ფეთჰულაჰ გიულენი ისლამურ სამყაროში პირველი პიროვნებაა, რომლითაც ამ დონეზე დაინტერესდნენ.

 

შეხვედრა რომის პაპ იოანე პავლე II-სთან

ფეთჰულაჰ გიულენმა 1998 წელს ვატიკანში ვიზიტის დროს, კათოლიკური სამყაროს რელიგიურ ლიდერს პაპ იოანე პავლე II-ს შემდეგი განუცხადა: \"ჩვენ დღემდე სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობების ლიდერებთან გვქონდა შეხვედრები. ჩვენი მიზანი ამ სამი დიდი რელიგიის ადამიანებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთგაგების გზით ძმობის დამყარებაა. ჩვენ გზააბნეულ და საეჭვო პიროვნებებს, რომლებსაც სურთ გაერთიანდნენ და ე. წ. ცივილიზაციათა შეჯახება განახორციელონ, წინ აღვუდგებით როგორც ტალღის მჭრელი, გნებავთ ჯებირი\". ფეთჰულაჰ გიულენმა ამგვარი ურთიერთობების განვითარების მიზნით, კონკრეტული წინადადებებიც წამოაყენა.

რომის პაპის და გიულენის, ორ რელიგიურ მოღვაწეს შორის ურთიერთობები, ინტენსიურად ვითარდება. პაპმა იოანე პავლე მეორემ რამაზანის დასრულებისა და დღესასწაულების დაწყებასთან დაკავშირებით, ბატონ ფეთჰულაჰ გიულენს მისალოცი ბარათი გაუგზავნა, რომშიც ნათქვამია: \"რაოდენ სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ერთი ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ესაუბრებიან, ერთმანეთს გაურბიან, არ მოინახულებენ მოყვასებს, რაოდენ დასანანია, რომ ერთი ადამიანური მოდგმის შვილები მაჰმადიანები და ქრისტიანები ერთმანეთს არ ცნობენ, ერთმანეთს არ ესალმებიან და რაც უფრო სამწუხაროა, ერთმანეთს ეჩხუბებიან. ამის საწინააღმდეგოდ, ყველასთან მშვიდობიან გარემოში ცხოვრება, ერთმანეთთან მისვლა, ჩვენი სიხარულისა და დარდის, გაჭირვებისა და იმედების გაზიარება რაოდენ კარგია. მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის გამართულ დიალოგში დღევანდელობის და სამომავლოდ იმედის მომცემი ნიშნის დაუნახაობა განა შეიძლება? ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საშინელებებზე, რომელიც მსოფლიოში გვხვდება. ქვეყნებს შორის მიმდინარე ომები, სხვადასხვა ფორმის ტერორიზმი, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული, შიმშილი, უმუშევრობა, ნარკოტიკული ნივთიერებები... და ეს სია შეიძლება გავაგრძელოთ. ჩვენ შეგვიძლია ვიმოღვაწეოთ, რათა ქრისტიანებსა და მუსლიმებს უფრო მეტი იმედი მივცეთ\".

 

პოლიტიკოსთა შეხედულებები, ფეთჰულაჰ გიულენზე

ფეთჰულაჰ გიულენი პირველი სასულიერო პირია თურქეთში, რომელსაც ყველა პარტიულ ლიდერთან პირისპირ შეხვედრები ჰქონდა და რომელიც პოლიტიკოსებმა კარგად მიიღეს. ლიდერებთან ურთიერთობები ფეთჰულაჰ გიულენმა დაიწყო პრემიერ-მინისტრ თანსუ ჩილერთან შეხვედრით და დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარე ჰუსამეთინ ჯინდორუქთან საუბრით. ნახევარი საუკუნის წინ პრემიერ-მინისტრ ადნან მენდერესსა და საიდი ნურსის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ფეთჰულაჰ გიულენი პირველი რელიგიური მრევლის წინამძღოლია, რომელიც პირისპირ ესაუბრა პრემიერ-მინისტრს. ამის შემდეგ იგი დედასამშობლოს პარტიის თავმჯდომარეს მესუთ ილმაზს, ჰიტმეთ ჩეთინს, ერბაქანს, ეჯევითს, თურქეშსა და აიდინ მენდერესს შეხვდა.

მემარცხენე-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბიულენთ ეჯევითმა აღნიშნა: \"მას შეხვდა ფეთჰულაჰ გიულენი. უნდა განვაცხადო, რომ ფეთჰულაჰ გიულენს, და მის წრეში მოღვაწე ადამიანებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ძალიან ვაფასებ\".

ფეთჰულაჰ გიულენთან დაახლოებული ადამიანები შემოწირულობების ხარჯზე კერძო სკოლებს ხსნიან. ყველა ამ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებს მაღალ დონეზე ასწავლიან. ერთ მაგალითს დაგისახელებთ. იზმირის იამანლარის კოლეჯის ერთ-ერთი მოსწავლე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ფიზიკის სფეროში გამართულ კონკურსში. ამ წარმატების წყალობით, იგი ამჟამად აშშ-ში, ნასაში საქმიანობს.

ხსენებული სკოლები ყურანის კურსების მსგავსი სასწავლებლები არაა, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ. თურქეთის ერთ-ერთი ამგვარი სასწავლებელი მეც დავამთავრე. ამ სკოლას ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის თანამედროვე ლაბორატორიები და კომპიუტერების განყოფილება აქვს. სწავლების პროცესი ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს. მოსწავლეთა ფორმა რობერ კოლეჯის მოსწავლეთა ფორმისაგან არ განსხვავდება. როგორც ამბობენ, ასე გამოიყურება მათი სასწავლებელი შუა აზიაშიც. ამ რეგიონის ქვეყნებში ყველაზე კარგი სკოლები ფეთჰულაჰ გიულენის ახლობლების მიერ დაარსებული სასწავლებლები ყოფილა. ამ საქმიანობის გამო ბიულენთ ეჯევითი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ამასთან დაკავშირებით, ეჯევითს ასე უთქვამს: \"ძალიან სერიოზული და ძალზე კარგი სასწავლებლებია. რწმენის, პოლიტიკისა და მეცნიერების სამყაროში ტოლერანტობისა და საერთო ენის გამონახვის პრობლემა გვაქვს. ამ საერთო ენის მონახვის თვალსაზრისით, ფეთჰულაჰ გიულენის მოღვაწეობა საკმაოდ წარმატებულად მიმაჩნია\".

ყოფილი პრეზიდენტები ოზალი, დემირელი სხვა ქვეყნებში არსებულ სკოლებს მესიჯებს უგზავნიდნენ, ამგვარი სასწავლებლების გახსნის ცერემონიალებს ესწრებოდნენ და მთელი საზოგადოების წინაშე ამგვარად უჭერდნენ მათ მხარს. დიდი ერთობის პარტიის ლიდერი მუჰსინ იაზიჯიოღლუც ამ მოძრაობას მთლიანად უჭერს მხარს.

თურქეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჰუსამეთინ ჯინდორუქი:

\"ფეთჰულაჰ გიულენი ადამიანია, რომელიც მე მიყვარს და პატივს ვცემ. საზოგადოების გარკვეულ წრეებს მისი ეშინიათ, რის მიზეზიც ის არის, რომ მათ შორის დიალოგი არ გამართულა. ეს ადამიანები ფეთჰულაჰ გიულენს რომ გაეცნონ და ესაუბრონ, ნახავენ, რომ შიშისთვის საფუძველი არ არსებობს\".

მესუთ ილმაზი (ყოფილი პრემიერ-მინისტრი): \"საქმიანობა, რომელმაც დღეს ძალიან დიდ მასშტაბებს მიაღწია და ფონდები, რომლებმაც ამ საქმიანობის განხორციელება უზრუნველყვეს, შემოწირულობანი... პრინციპში ეს ყველაფერი, ფეთჰულაჰ გიულენის პიროვნებისადმი სიმბოლიზებული ნდობის ნაყოფია\".

ექრემ დინდაროლი
ახალი ხიდი, 2003 (1)