სიყვარული

სიყვარული ამქვეყნად მოვლენილი ყოველ არსებისთვის უმთავრესი საფუძველია, ყველაზე დიდებული ბრწყინვალებაა, ყველაზე დიდი ძალაა და დედამიწაზე არ არსებობს მეტოქე, რომელსაც ეს ძალა ვერ დაამარცხებს. უპირველესად სიყვარული აღამაღლებს და მომავლისთვის ამზადებს თითოეულ სულს, რომელთა შეერთებაც შესაძლებელია. შემდეგ კი ეს სულები, მარადისობის სახელით აღვსილნი, იწყებენ ბრძოლას ყველა გულის დასაპყრობად. ამ გზაზე იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, სიკვდილისკენ მიმავალისთვის უკანასკნელი სიტყვა სიყვარულია, თუ ცოცხალია, ისევ სიყვარულით გადარჩენილი.

სიყვარულის გარეშე შეუძლებელია სულის ჩამოყალიბება და ზეცამდე ამაღლება. დიახ, მათ ასობით წელიც რომ იცოცხლონ, ჩამოყალიბების გზაზე წინ ერთი გოჯითაც ვერ წაიწევენ. უსიყვარულოდ დარჩენილ სულებს არ შეუძლიათ ვინმეს შეყვარება, რადგანაც ისინი თავს ვერ აღწევენ სხვადასხვა ეგოს ჩაბნელებულ ლაბირინთებს, ისინი ვერ შეიგრძნობენ სიყვარულს და იღუპებიან ისე, რომ არაფერი სმენიათ ქმნილების სულში არსებულ სიყვარულზე.

პირველი, რასაც ახალშობილი ბავშვი ამქვეყნად მოვლენისას შეხვდება, სიყვარულია, იგი სინაზით დამუხტულ სულებს ხედავს და სიყვარულით აძგერებული გულების გარემოცვაში იზრდება. შემდგომში კი ზოგჯერ სიყვარულს პოულობს, ზოგჯერ კი ვერა, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე სწორედ იმ სიყვარულს დაეძებს.

მზის სახეზე სიყვარულის კვალი ჩანს. წყალი, ორთქლად ქცეული, იმ სიყვარულისკენ მაღლდება; იქ კი წყლის ბუშტუკები წვეთებად იქცევა; სიყვარულის ფრთებს შეისხამს და ქვემოთ მიწაზე ჩამოდის. ვარდები, ყვავილები, სიყვარულით აღვსილნი, გამვლელ-გამომვლელს ღიმილს უძღვნიან. ფოთლებზე მონებივრე ცვარი არემარეს სიყვარულით უმზერს და სიყვარულით როკავს. ცხვარი კრავის სიყვარულით ბღავის და ჩიტებიც ბარტყების სიყვარულით ჭიკჭიკებენ და ერთხმად უგალობენ სიყვარულს.

ყველა არსება ამ სამყაროში, თავისი ადგილის შესაბამისად, ბრწყინვალე ჰარმონიით ახმიანებს ამ დიადი სიყვარულის რომელიმე მხარეს, ნებსითა და უნებლიედ ქმნილების სულში არსებული ღრმა ტრფობისა და სიყვარულის გამოხატვას ცდილობს.

ადამიანის სულში სიყვარული იმდენად ღრმა კვალს ტოვებს, რომ იგი სიყვარულის გამო სამშობლოსა და ბუდეს ტოვებს, თუ საჭირო გახდა, კერას აქრობს და ყოველ კუთხეში თითო მეჯნუნი ლეილაზე მოთქვამს. ხოლო ისინი, ვისი სულისთვისაც უცხო, გაუგებარია ტრფობა, ამას სიგიჟეს უწოდებს!..

ალტრუიზმი და სხვისი კეთილდღეობისთვის ცხოვრება ადამიანისთვის დამახასიათებელი ამაღლებული გრძნობაა და მისი სათავე სიყვარულია. კაცთა შორის ისაა ყველაზე დიდი გმირი, ვინც ყველაზე მეტად ეზიარება ტრფობას. ყველაზე დიდი გმირი, რომელმაც თავის სულში სიძულვილისა და ზიზღის დათრგუნვა და განდევნა შეძლო... მართლაც ამ სულებს, რომლებიც ყოველდღე სხვადასხვა ტრფობის ჩირაღდანს ანთებდნენ, გულებს სიყვარულის ხეივნად აქცევდნენ და გრძნობათა სამყაროში გაკვალული გზებითა და გვირაბებით ყველა გულში შეძლეს შეღწევა, ზეცამ მარადიული ცხოვრების უფლება უწყალობა, არათუ სიკვდილი და ამაოება, არამედ სამყაროს აღსასრულიც კი მათ ყვავილებს ვერ დააჭკნობს და მათ ფიალას ვერ დაცლის.

დედა, რომელიც შვილის გამო მოკვდება, სიყვარულის გმირია, ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყნისა და თანამოძმის გამო სიცოცხლე არად უღირს, პატრიოტია, გმირი, რომელმაც კაცობრიობისთვის იცხოვრა და მოკვდა, გულებში აღმართული უკვდავების ძეგლია. სიყვარული ასეთების ხელში იარაღია, რომელიც ყველა მტერს დაამარცხებს, ჯადოსნური გასაღებია, რომლითაც ყველა კარს გააღებს. ის, ვინც ამ იარაღსა და გასაღებს ფლობს, დღეს თუ არა ხვალ, ამ სამყაროს ყველა კარს გააღებს და სიყვარულის კანდელიდან ყველა კუთხეს მოჰფენს სიმშვიდის საკმეველს.

სიყვარული უმოკლესი გზაა ადამიანების გულების დასაპყრობად. სიყვარულის გზა ღვთის შუამავალთა გზაა. არასდროს მიუხურავენ კარს მათ, ვინც ამ გზით მიდის.  და თუ შემთხვევით ერთი კარი დაიხურება, მის ნაცვლად ასობით, ათასობით კარი გაიღება. და თუ სიყვარულის გზით ვინმე გულამდე მისვლას შეძლებს, მისთვის აღარ იარსებებს მოუგვარებელი, გადაუჭრელი პრობლემა.

ნეტავ მათ, ვისი წინამძღოლიც სიყვარულია! ვაი, იმ უბედურებს, ვინც თავის სულში სიყვარული ვერ შეიგრძნო და მთელი ცხოვრება ბრმა და ყრუ დარჩა!

უზესთაესო ღმერთო! ახლა, როდესაც სიძულვილმა და ზიზღმა ყველაფერი უკუნ ღამესავით ჩააბნელა, შენს სიყვარულს ვაფარებთ თავს, კვლავ შენს კართან ვიხრით ქედს და მუხლმოყრილი გევედრებით, შენი თავაშვებული და გაცოფებული მონების გულები სიყვარულითა და ადამიანური გრძნობებით აავსო.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.