დედა

მისი ტანჯვა უსასრულოა... დედის ხმა მუდამ სიმისა და ხემის კვნესააო, დედაზე უთქვამთ...

დედა მოკვდავთა შორის ყველაზე ძვირფასი არსებაა. დედამიწაზე მიმავალს თავი ზეცაში აქვს, სამოთხე კი მისი ფეხის ქვეშაა. მისი ქალამნის მტვერიც კი წმინდაა, მის ფეხებთან მუხლმოყრილთა თავი მეშვიდე ცის ზღურბლს წვდება. დედა მუდამ კვნესის. მთელი ცხოვრება კვნესის და ოხრავს... დედობა მუდმივია შვილისთვის, კაცისთვის, ვინც ამბობს “დედა”... დედა, რომელსაც შვილი არ ჰყავს, დედა არ არის. დედის მიზანი, მისწრაფება შვილია; ზოგჯერ კი შეიძლება სხვა რამ იყოს; ვთქვათ, არსი, სული, იდეალი...

არის დედა, რომელიც ამქვეყნად მოვლენილ შვილს უფლის გზას შესწირავს. არის დედა, რომელსაც ძალიან სურს, ჰყავდეს შვილი და თუ არ ეყოლა, იმედგაცრუებას ეძლევა; არის დედა, შვილის გამო დათრგუნული რომ ამბობს, “ნეტავ ადრე მოვმკვდარიყავი და ყველას დავევიწყებინეო”. არის დედა, რომელიც შვილის გამო ძეგლად იქცევა და მისი თავი ზეცას წვდება. არის დედა, რომელიც შვილის გამო დაბნეული და დანაღვლიანებულია. არის დედა, რომელიც ფარაონის კარავში ერის საყვარელი შვილი გამხდარა.

არის დედა, რომელიც ღვთის შუამავლის სავანეში ეშმაკს დაემონა. არის დედა, რომელიც ჩუმი, შეუმჩეველი და უცნობია; მაგრამ ვარდებსა და მდელოებს აყვავებს; არის დედა, რომელზე სასაუბროდ დესტანი არ კმარა; ის გონებაში, გულში, ზეცაშია; არის დედა, რომლის აღსაწერად ქაღალდი, კალამი, რომანი გვჭირდება.

მიწა თესლის დედაა, წყარო – ჩანჩქერის, ევა – ადამის მოდგმის, მარიამი – წმინდა სულის, ამინე – ჭეშმარიტების, არსების საიდუმლოს, საიდუმლოს არსის...

დედობას კარგიც ახლავს და ცუდიც. კარგს თავგანწირვას თუ ვუწოდებთ, ცუდს, უბედურს რაღა დავარქვათ? რა ვუწოდოთ მას, ვინც შვილი ვერ გაახარა და შვილის გვერდით ვერ იხარა, ვინც დღის სინათლეს ვერ ეღირსა...

დედა და შვილი ერთი სულია ორ სხეულში. შვილი დედის სხეულის ნაწილია, მკერდზე მიკრული – “გულის დამპყრობელი სიყვარული”, პატარა ცელქი, და განშორებისას კი დედის გულის დამდაგავი ცეცხლი, გულში გაყრილი შუბი...

განვითარების პერიოდი, სწავლა-განათლება, სამხედრო სამსახურის დრო... ყოველი მათგანი დედისთვის ტანჯვის ვირაჟია. დედა ცრემლს ღვრის ყოველ ზიგზაგზე, როდესაც შვილთან განშორება უწევს სწავლის, ქორწინების, ჯარში გაწვევის გამო... დიახ, იგი მუდმივად ტირის და საკმეველივით იწვის. ზოგჯერ ნუგეში ეძლევა და მშვიდდება, ზოგჯერ კი ნიაღვარივით წამოსული ცრემლები ახრჩობს. იგი საჩუქრად მიიჩნევს თავის შვილს, რომელიც მსხვერპლად შესწირა სიწმინდეებს, სამშობლოს, სინდისს და მშვიდდება. მაგრამ თუ შვილი არაფრის გამო იღუპება, ამ დროს დედა მუნჯდება.

შენ, ჩემო უბედურო დედავ! გულშეწუხებულო, ქედმოხრილო, თვალცრემლიანო; მუდამ მგლოვიარე და უბედურო! ვინ ჩაგაგდო ამ დღეში? ვინ დაღუპა შენი გულის ნაყოფი, შენი თვალის სინათლე? შენ განუგეშებთ, შენს სულში დანთებულ ხანძარს ჩავაქრობთ...

უკვე ნუღარ ტირი, დედა! შენი ცრემლების ღრუბელმა უკვე მეშვიდე ცას მიაღწია. შეხედე, იქ ელვაა, აქ კი მისი ნაყოფი... შენკენ მოვიჩქარით, რომ შენი გაწეწილი კულულები გაგისწოროთ, ჩვენს ბაგეებზე გამარჯვების სიმღერაა, ხელში “იუსუფის (შუამავალი) პერანგი” გვიჭირავს, მოვდივართ, რათა ბედნიერება ვახაროთ ნაოჭებს შენს შუბლზე და ცრემლებს შენს თვალებზე. შენი ჩუმი გულისტკივილის დასაცხობად, სისხლმდენი იარების მოსაშუშებლად, ამ დამნაშავეთა ხროვის სახელით ბოდიშს გიხდით და შენს წინაშე მუხლს ვიყრით, დედა!..