ნეტავი უფრო ადრე გაგვეცნო

ჩემი უკვე არცთუ ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე არა ერთსა და ორ ბრძენ კაცს შევხვედრივარ როგორც თვითონ კავკასიაში და რუსეთში, ისევ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. დიდი მუსლიმური ქვეყნები, კერძოდ, თურქეთი და ირანი მხოლოდ ბოლო ათწლეულში მოვინახულე, ამ დაგვიანებულ მონახულებას კი, ცხადია, ჩემი ამქვეყნად ყოფნის უდიდეს ნაკლად მივიჩნევ, თუმცაღა, ცნობილ მიზეზთა გამო, მარტოოდენ ჩემი ბრალი სულაც არ არის. რა ვქნა, ასეთი დროჟამი იდგა...

დღეს, როდესაც მთელი დედამიწის ზურგზე ამდენს ვლაპარაკობთ მსოფლიო ტერორიზმის საშიშროებაზე და ამ ტერორიზმს განვიხილავთ როგორც სოციალურად უმიზეზო აბსოლუტურ ბოროტებას, რომელსაც მთელი კაცობრიობა უნდა აღუდგეს, მეხსიერებაში ერთი მართლაც ბრძენი მუსლიმანი კაცის სახე მიცოცხლდება. ეს კაცი თურქი ფეთჰულაჰ გიულენია. თურქეთის მწერალთა და ჟურნალისტთა ფონდის საპატიო თავმჯდომარე, ისლამური თეოლოგიის ცნობილი მეცნიერი, მწერალი, რომელიც, უკვე რახანია, ხალხებს შორის რელიგიათა და კულტურათა დიალოგს წარმართავს ტოლერანტობის, ანუ შემწყნარებლობის საფუძველზე.

ამ ბრძენი კაცის გაცნობის საშუალება ჩემმა თურქმა მეგობრებმა მომცეს. ისინი, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მოყოლებული, საქართველოში კეთილად საქმიანობენ და ერთხელაც, სხვა ქართველ ჟურნალისტებთან ერთად, მეც მიმიწვიეს თავიანთ სამშობლოში.. სწორედ მაშინ, 1998 წლის ზაფხულში, შევხვდი ფეთჰულაჰ გიულენს სტამბოლში. ძალიან გულთბილად მიგვიღო. ტკბილად გაგვიმასპინძლდა (არამარტო იმიტომ, რომ ტკბილი სუფრა გაგვიშალა).

ერთხელ უკვე ვწერდი და ახლაც უნდა გავიმეორო: ფეთჰულაჰ გიულენზე თბილისში იმდენი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი მესმოდა, როგორც \"აჟამად ნურისტების, ანუ ფუნდამენტალისტების იდეურ ხელმძღვანელზე\", რომ ერთი სული მქონდა, სანამ შევხვდებოდი. ჩვენი მასპინძელი, ხანდაზმული კაცი, ფრიად დარბაისელი და გულღია ადამიანი გამოდგა. ჩემი სიმდიდრე ჩემი წიგნები და ჩემი ლოგინიაო. ჩვენი ფონდი, პირადად მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის მომხრენი ვიყავით და ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობისა, ფათიჰის უნივერსიტეტში თუ ჩინურ, იაპონურ და ესპანურ ენებს ასწავლიან, რატომ არ უნდა ესწავლებინათ ქართულიც, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენაო. ამიტომაც გაიხსნა აქ ქართველოლოგიური ფაკულტეტი, თურქეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა გაიხსნას ეს ფაკულტეტი, რაც დიდ სარგებლობას მოგვიტანს ორსავე მხარესო. კარგია, რომ საქართველოშიც არის თურქული სკოლები და უნივერსიტეტიო. დადგა დრო, კეთილგანწყობილად ვიცხოვროთო... მე პირადად ყველა რელიგიას პატივს ვცემ. დიალოგი და ურთიერთობა ყველა სარწმუნოების ხალხთან შემიძლიაო. მუსულმანური თეოლოგია რასაკვირველია თავისი პრინციპებით ცხოვრობს, მაგრამ კარს სხვას არასოდეს უკეტავსო. ფუნდამენტალიზმი და ჰანთურქიზმი უკან სვლაა, რეგრესიაო... დიალოგისთვის საჭიროა, რომ ყველა ხალხთან გვქონდეს ურთიერთობა, უფრო ხშირად ვხვდებოდეთ ერთმანეთს. რაღა დროს უკან ცქერაა, მესამე ათასწლეული იწყებაო. ქრისტეს დაბადებიდან 2000 წლისთავი ჩვენი, მუსლიმანთა ზეიმიც არის, იგი ყურანში ხომ ისა წინასწარმეტყველის სახელით არის ცნობილიო.

იმხანად ფეთჰულაჰ გიულენი ვატიკანიდან ახალი დაბრუნებული იყო, სადაც რომის პაპს პავლე იოანე II შეხვედროდა და იმ შეხვედრის სამახსოვრო სურათიც თვალსაჩინოდ გამოეფინა, ხოლო პაპთან გამართული დიალოგი, უკვე ცალკე წიგნად გამოცემული, ყველა სტუმარს გვისახსოვრა (წიგნში რელიგიათა შორის ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთდიალოგზე და თანამშრომლობაზეა ლაპარაკი). როგორც ვიცი, იმის შემდეგ ჩვენი მაშინდელი კეთილი მასპინძელი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელსაც შეხვდა და სრულიად იუდეველთა მეთაურსაც. ამჟამად იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკურნალოდ სტუმრობს და იქაც კვლავ რელიგიათა და კულტურათა შორის დიალოგის დაუცხრომელ მქადაგებლად გვევლინება.

სრულიად ბუნებრივია, რომ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისა და თვითონ ამერიკის ბევრ ქვეყანაშიც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ფეთჰულაჰ გიულენის ფრიად გამორჩეულმა ფილოსოფიურ-თეოლოგიურმა ნააზრევმა, რომელიც \"ისტორიული წარსულის გაერთიანებისა და მომავლის გონივრულად მომზადების\" სახელწოდებით არის ცნობილი. ისიც ბუნებრივია, რომ წლეულს, გაზაფხულზე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საგანგებო კონფერენცია მიეძღვნა თემას: ფეთჰულაჰ გიულენი და თანამედროვე ისლამი. კონფერენციაზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა თურქი მეცნიერის ზემოხსენებული ნაშრომის უდიდეს მნიშვნელობას მომავალ თაობათა აღზრდის საქმეში. ის ინფორმაცია, რომელიც ამ კონფერენციის გამო მთელი მსოფლიოს პრესაში გავრცელდა, გვატყობინებს, თუ რა როლი ეკუთვნის გიულენს, 21 საუკუნის რელიგიურ მოძრაობათა ერთ-ერთ თავკაცს, ახალი ისლამი კი, როგორც ცნობილია, მსოფლიოში ოფიციალურად ყველაზე მძლავრად ქემალისტურ თურქეთში გამოვლინდა და სრულიად ახალი ტიპის რელიგიის ამაღლება გამოიწვია; აქვე იმასაც ვიგებთ, რომ გიულენისეული \"ყოველთა მუსლიმანთა მოძრაობა\" ხელს უწყობს \"საერთო გრამატიკას და ახალი სოციალური კონტაქტების გამყარებას\", რის ნაკლებობასაც განიცდიან თურქეთში. რაც მთავარია, ჯორჯთაუნის ხსენებული კონფერენციის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ გიულენის აზრები ადამიანში კერძო რელიგიურ და ეროვნულ პრინციპებს კი არ აღვივებენ, პირიქით, მრავალმხრივ კულტურულ ადამიანად ავითარებენ. ამიტომაც მივიდნენ ყველანი ერთ დასკვნამდე: დავაკვირდეთ, რა გავლენას ახდენს გიულენის ნააზრევი მსოფლიოს სკოლებსა და უნივერსიტეტებზე, დავაკვირდეთ აგრეთვე, რა გავლენას მოახდენს გიულენისეული ისლამისა და მოდერნიზმის შეკავშირება თურქეთზე, შუა აზიასა და ახლა უკვე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე.

ჩემი ძველი თურქი მასპინძლის ესოდენ ღრმა კაცთმოყვარულ ნააზრევზე იმად შევჩერდი, რომ დღეს ფეხს იკიდებს აშკარად საშიში და კერძო, მხოლოდ ვიღაცებისთვის სასარგებლო იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც თითქოს რომელიღაც ეგრეთ წოდებულმა \"ტერორისტულმა ინტერნაციონალმა\" ომი გამოუცხადა მთელ დანარჩენ მსოფლიო ცივილიზაციას, რომ დრო და დრო თითქოს ჩნდებიან არასრულქმნილი არსებანი, თვითონ ბუნებისგანვე ტერორისტებად დაბადებულნი. ერთი ცნობილი თანამედროვე რუსი ფილოსოფოსის აზრით, არა ერთი და ორი ამერიკელი ვაიმეცნიერი ტერორიზმის საფუძველს უწინარესად სწორედ გენების კომბინაციაში ეძებს. ზოგ-ზოგნი კი, ასეთი მიდგომის გათვალისწინებით, ხსნას \"ბუდიზმისა და ისლამის საიდუმლოებათა\" ამოცნობაში ხედავენ, ვინაიდან არამც და არამც არ უნდათ იმის დანახვა, რომ ეს ანტიამერიკული ტერორიზმი, უპირველეს ყოვლისა, იქნება სულაც იმ ხალხების და იმ ქვეყნების საპასუხო რეაქცია, რომლებიც დღევანდელი ნაძალადევი გლობალიზაციის, ანუ ამერიკისა და ნატოს აგრესიის მსხვერპლნი არიან. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნებში ბევრი გამოთქვამს იმ აზრს, რომ ანტიამერიკულ ტერორიზმს ამერიკამ თავისი \"სახელმწიფო ტერორი\" დაუპირისპირა.

ეს ნამდვილად საშიში გზაა. ამ გზით კაცობრიობა მშვიდობიან ამინდს ვერ დაიყენებს.

კიდევ კარგი, რომ დედამიწის ზურგზე არ გადაშენებულან და არიან ფეთჰულაჰ გიულენისთანა მოაზროვნენი, რომლებსაც საყოველთაო ბოროტების სათავედ ესა თუ ის რელიგია, ანდა თვითონ ადამიანის ბუნება კი არ წარმოუდგენიათ, არამედ სამართლიანად მიიჩნევენ სოციალურ მოვლენად და ყოველგვარ უბედურებისგან ერთადერთ საშუალებად მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული დიალოგი ესახებათ.

ახლად გამომავალი ქართულ-თურქული ჟურნალის პირველი ნომრისთვის ამ პატარა წერილის წერისას თითქოს ყურში ჩამესმოდა ჩემი ბრძენი თურქი მასპინძლის სიტყვები: ავი და ცუდი კაცნი ჯერ კიდევ ყველგან არიან, ჩვენშიც და თქვენშიც, მათ არც თურქეთისთვის უნდათ ხეირი და არც საქართველოსთვის, არ უნდათ ჩვენი ქვეყნების კარგი მეზობლური ურთიერთობაო; საქართველოში არ ვყოფილვარ, 1965 წელს მხოლოდ სარფამდე მოვედიო; მართალია, გარკვეული პოლიტიკური ძალები ჩემს ყოველ სტუმრობას ამა თუ იმ ქრისტიანულ და არაქრისტიანულ ქვეყანაში უმეცრებისა თუ ბნელი ზრახვების გამო, რაღაც შავ პოლიტიკურ სარჩულს უდებენ, მაგრამ საქართველოში მაინც აუცილებლად ჩამოვალო.

რა კარგია, რომ ყოვლის გამომცდელმა დრომ და ერთმანეთთან კეთილად მოლაპარაკე გულების მზემ მართლაც გვარიანად გაახუნა ყოველგვარი უნდობლობის \"შავი პოლიტიკური სარჩული\", სიშავეც დაუკარგა, სიმკვრივეც, და თუ როგორც, გიულენი ბრძანებს, ჩვენი საყოველთაო მომავალი დღეს მზადდება, მთავარია, რომ იგი ყველამ ერთად გონივრულად მოვამზადოთ.

ფეთჰულაჰ გიულენი: ეს ტერორისტული აქტი საყოველთაო მშვიდობის წინააღმდეგ მოწყობილი საძაგელი საბოტაჟია

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული აქტები მხოლოდ აშშ წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს საბოტაჟია საყოველთაო მშვიდობის წინააღმდეგ, ტერორიზმი ისლამს ვერ შეუთავსდება, მორწმუნე მუსულმანი ტერორისტი ვერ იქნება. მუსლიმანი შეიძლება რომ მხოლოდ მშვიდობის, თანხმობისა და სიმშვიდის სიმბოლო იყოს. ტერორიზმის გამართლება არ შეიძლება ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. ნებისმიერი ტერორისტული ქმედება, საიდანაც და ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს, წარმოადგენს უდიდეს დარტყმას მშვიდობისა და სიმშვიდის წინააღმდეგ, ნებისმიერი ტერორისტული ქმედება აბსოლუტურად გაუმართლებელია, რა მიზეზი და რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს. ტერორი ვერ იქნება განმათავისუფლებელი ბრძოლის ფორმა. ეს შეიძლება რომ ჩაიდინოს ბოროტმოქმედმა, რომელსაც არაფერი აკავშირებს ადამიანობასთან. მაჰმადიანი მხოლოდ მშვიდობის, თანხმობის და სიმშვიდის სიმბოლო უნდა იყოს. გემში ცხრა დამნაშავე და ერთი უდანაშაულოც რომ იყოს, ცხრა დამნაშავის მოსაკლავად იმ ერთი უდანაშაულოს ჩაძირვის უფლებასაც არ იძლევა ისლამი. ეს თავდასხმა მხოლოდ ზიზღსა და განკიცხვას იწვევს..

"საქართველოს რესპუბლიკა", 29 დეკემბერი, 2001.
Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.