• მთავარი
  • ინფორმაცია
  • მამუკა არეშიძე: სახელმწიფომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ტრადიციული ისლამი უნდა გააძლიეროს

მამუკა არეშიძე: სახელმწიფომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ტრადიციული ისლამი უნდა გააძლიეროს

მამუკა არეშიძე: სახელმწიფომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ტრადიციული ისლამი უნდა გააძლიეროს

ბოლო პერიოდში ზოგიერთ ქართულ გამოცემაში აქტიურად მიმდინარეობს შავი პიარკამპანია ე.წ. “თურქული სასწავლებლების” წინააღმდეგ. იგულისხმება 15-მდე დაწესებულება – სკოლები, კოლეჯები, ბაღები, უნივერსიტეტები, რომელთა გახსნაც ცნობილი თურქი თეოლოგისა და მწერლის, ფეთჰულაჰ გიულენის სახელს უკავშირდება. მათ შორისაა ისეთი ცნობილი სასწავლებლები, როგორიც დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი.

გიულენი ერთ დროს თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდორღანის მეგობარი და თანამებრძოლი იყო, თუმცა შემდეგ მას დაუპირისპირდა და იძულებული იყო ამერიკაში გადასახლებულიყო, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს. გიულენი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო თურქეთის დემოკრატიულ ძალებში, არამედ ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურ წრეებშიც. გიულენის თეოლოგიური მოძღვრება თანამედროვე ისლამს უკავშირდება და ტოლერანტობას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და განათლების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

“რეზონანსთან” საუბრისას, პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გიულენის საგანმანათლებლო დაწესებულებების წინააღმდეგ აგორებულ ბრალდებებს “სრულ ტყუილს” უწოდებს და ეჭვობს, რომ ამის უკან ერდოღანის მთავრობა დგას, რომელიც თეოლოგს პირად მტრად მიიჩნევს.თუმცა ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში მარლაც არსებობს რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე, რომლის კულტივირება მიდის ზოგიერთ რელიგიურ სასწავლებელში.

„გიულენის სასწავლებლებში ასეთი არაფერი ხდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერაა იმიტირებული. სასწავლებლების ხელმძღვანელობასა და თურქეთის მთავრობას შორის საკმაოდ რთული ურთიერთბაა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ერდოღანი და გიულენი მოკავშირეები იყვნენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ყველაფერი მოგონილი და ყურით მოთრეულია. თავადაც მქონდა ასეთი ტიპის ინფორმაცია, გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ რეალობა აბსოლუტურად სხვანაირი იყო. მაგალითად, დავინტერესდი, თუ რა სიტუაცია იყო ერთ-ერთ ასეთ სკოლაში მარნეულში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელები სწავლობენ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მოულოდნელი სურათი დამხვდა – ქართული ენის სწავლება გაძლიერებულად მიმდინარეობს და მოვისმინე ერთ-ერთი ჟურნალისტის ნაამბობი, რომელიც იქ ქართული ენის გაკვეთილს დაესწრო და ბავშვების მომზადებით აღტაცებული დარჩა.

კარგი იქნებოდა ამ სკოლის ერთ-ერთ კურსდამთავრებულს, ისეთ ცნობილ ქართველს ვკითხოთ აზრი, როგორიც ზაზა ფაჩულიაა. მან ამ სკოლის სრული კურსი გაიარა და სკოლისავე დახმარებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდში მოხვდა. იმასაც ვიტყვი, რომ ორი ასეთი სკოლის ხელმძღვანელი ეთნიკური ქართველია. მათთან არანაირ ექსტრემიზმზე ლაპარაკი არ შეიძლება. კიდევ გავიმეორებ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ხელოვნურად ატეხილია ზოგიერთი თურქული ორგანიზაციის მიერ. ამ სასწავლებლებში ისინი ალბათ ან კონკურენტს ხედავენ, ან ხელმძღვანელობასთან აქვთ ცუდი ურთიერთობა და ამის გამო ცდილობენ მათზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნას», – ამბობს მამუკა არეშიძე.

- ამ დაწესებულებებში ისლამს არ ასწავლიან?

- არა, არავითარი რელიგიური სწავლება ამ სკოლებში არ მიმდინარეობს.

- ვინ არის ფეთჰულაჰ გიულენი?

- ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. ჩვენს პრესაში ადრე იმაზეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქობულეთში სააკაშვილსა და გიულენს შეხვედრა ჰქონდათ და გიულენის დაჟინებული მოთხოვნით მაშინ 10 ათასი თურქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემა გადაწყდა. რასაკვირველია, ამ ფაქტით აღვშფოთდით და შევეცადეთ დაგვედგინა, მართლაც შედგა თუ არა ეს შეხვედრა. გაირკვა, რომ დროის იმ მონაკვეთში გიულენი საქართველოში კი არა, ევროპაშიც კი არ იმყოფებოდა. დადგინდა, რომ შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა. ანუ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. რაც შეეხება ფეთჰულა გიულენის რელიგიურობას, როგორც ამერიკელი კოლეგები გვეუბნებიან, ექსტრემიზმზე საუბარიც კი ზედმეტია. იგი ერთ-ერთი იდეოლოგიის მიმდევარია, რომელიც სამშვიდობო აქტიურობას გულისხმობს. ეს რელიგიური კი არა, ჰუმანიტარულ-ფილოსოფიური პროცესი უფროა. თუმცა საქართველოში მისი აქტიურობა არ ჩანს.

- მაგრამ ხომ არის სხვა სასწავლებლებიც, სადაც ისლამს ასწავლიან და ისინი განათლების სამინისტროს არ ექვემდებარება.

- ეს უკანონობაა. არ შეიძლება ქვეყანაში განათლების სამინისტროს მიერ არალიცენზირებული სასწავლებლები არსებობდეს. მდგომარეობა სტაბილურად უარყოფითია და მიხედვა სჭირდება. არის სასწავლებლები, რომლებიც კანონგარეშე გაიხსნა, მაგრამ იქ მხოლოდ ტრადიციულ ისლამს ასწავლიან და არის სასწავლებლები, რომლებშიც სასწავლო პროცესი ექსტრემიზმთან ახლოსაა. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს არაბულად ყურანის თავებს აზეპირებინებენ მაშინ, როცა ამ ბავშვებმა არაბული არ იციან. მექანიკურად აზეპირებინებენ და ბავშვები ვერანაირ ცოდნას ვერ იღებენ გარდა იმისა, რომ მათ გაუგებარი ტექსტები ზეპირად იციან. მეტიც, არის სასწავლებლები, რომლებშიც ბავშვებს იქით უხდიან ფულს იმისათვის, რომ იქ იარონ. არ მინდა დავასახელო რეგიონი, მაგრამ ერთ-ერთ რეგიონში ბავშვებს სასწავლო წლის ბოლოს 50 ლარს უხდიან ამ სასწავლებელში სიარულისათვის. გაჭირვებული ოჯახებისათვის კი ეს ფულია.

ქვეყანაში ასეთი რელიგიური სასწავლებლების არსებობა, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს და საშიშია. საზოგადოებას იქ მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგის საშუალება არ ეძლევა. იმ სკოლებმაც კი, რომლებიც ტრადიციულ ისლამს ასწავლიან, ლიცენზია აუცილებლად უნდა მოიპოვონ.

- ბოლო პერიოდში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდებიც, როგორც ვიცით, ასეთ სასწავლებლებში სწავლობდნენ.

- ჰოდა, ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც გურიაში, არც აჭარაში, არც ქვემო ქართლში და არც კახეთში. არადა ხდება, ამის ბევრი ფაქტი გვაქვს. სხვათა შორის, სწორედ ამის საპირწონედ მზადდება პროექტი საქართველოს ხელისულებაში, რომელიც ამგვარი სასწავლებლების, ოღონდ ლიცენზრებულების შექმნას გულისხმობს. მათ არა მხოლოდ პირველი, არამედ მეორე და მესამე საფეხურიც, ანუ უმაღლესიც ექნებათ. ეს იმისთვის კეთდება, რომ სახელმწიფოს პროცესის სრული კონსტროლის საშუალება ჰქონდეს.

მასტიმულირებელი იქნება ის, რომ კურსდამთავრებულები სხვადასხვა დონის სასულიერო პირებად დაიშვებიან მუსლიმებით დასახლებულ ზონებში. მათ მიეცემათ რელიგიური მოღვაწეობისა და ქადაგების უფლება.

- ანუ ამ სასწავლებლებისათვის კრიტერიუმები დაწესდება, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ლიცენზიას მიიღებენ და მათი საქმიანობა კანონიერი გახდება?

- კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაწესდება. ზოგიერთი მათ გაივლის, უმეტესობა – ვერა და საქართველოს ტერიტორიაზე სწავლების უფლებას ვერ მიიღებს. მათი კურსდამთავრებულებიც ვერ გახდებიან ოფიციალურად რელიგიური მოღვაწეები. შესაბამისად, რელიგიურ აქტიურობაშიც ხელი შეეშლებათ.

- ტერორიზმთან და “ისლამურ სახელმწიფოს” მოკავშირეებთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფომ ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადადგა. როგორ აფასებთ ამ ღონისძიებებს და გვაქვს თუ არა ამ კუთხით უკეთესი მდგომარეობა?

- ჩემთვის მთავარი გამოწვევა ფიზიკური ტერორიზმი არაა. ანუ, პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ ვიღაც სირიაში საომრად მიდის. ჩემთვის იდეოლოგიური ტერორიზმი არანაკლებ მნიშვნელოვანია. იდეოლოგიურ ტერორიზმთან ბრძოლა უაღრესად რთულია. მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული და წინა ხელისუფების პერიოდში პრაქტიკულად არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. სხვათა შორის, ეს ხელისუფლებაც სცოდავდა, რადგან საწყის ეტაპზე ძალიან ბევრი დრო დაკარგა. დღეს კი ვხედავ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაბამისი მუშაობა მიდის. ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები სასწავლებლების შექმნაც ამ მუშაობის ნაწილია. ეს გახმაურებული პროცესი არაა, მაგრამ მე ამის თაობაზე ინფორმირებული ვარ, რადგან წლებია ამ საქმით ვარ დაკავებული. იმათ წინააღმდეგ კი, ვინც სირიაში წასასვლელად ამზადებდნენ ხალხს, მათ ეხმარებოდნენ და ა.შ. ტოტალური ბრძოლა მიმდინარეობს.

- ეს ბრძოლა ეფექტურია?

- ზოგი დაშინდა, ზოგი გაჩერდა, ზოგი დააპატიმრეს, ზოგიც ქვეყნიდან გაიქცა. არ ვამბობ, რომ სირიასა და ერაყში ახლა აღარავინ მიდის, ასეთი შემთხვევები მაინც იქნება, რადგან ადამიანების გაკონტროლება ძალიან რთული საქმეა. იდეოლოგიური ტერორიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი სოციალური ქსელებია. მათი დაბლოკვა შეუძლებელია. მაშინ სხვისი ინტერესებიც შევიწროვდება. სოციალური ქსელების ნაწილის გათიშვა, როგორც ეს ჩინეთშია, საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევს. ამიტომ, შესაბამისი სტრუქტურები იძულებულები არიან ისლამის იდეოლოგებს საიტიდან საიტზე სდიონ. ისიც უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი ის კი არაა რამდენს დაიჭერ, არამედ ის, თუ რამდენად გააძლიერებ ტრადიციული ისლამის მიმდევრებს, რადგან მათი გაძლიერება ავტომატურად იწვევს მნიშვნელოვანი ფსიქოლოფიურ-იდეოლოგიური ბარიერის შექმნას კავკასიისთვის მიუღებელი ისლამური მიმდინარეობის წარმომადგენლებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამ თვალსაზრისით, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურას, არა მხოლოდ უშიშროებას, გარკვეული წარმატება აქვს. არ შემიძლია ეს არ დავინახო, მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსახურების მუშაობას მუდამ ვაკრიტიკებდი და მომავალშიც გავაკრიტიკებ. ახლა კი ეს სტრუქტურები კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებენ.

- ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, ნატო თურქეთის საზღვრის გამაგრებას იწყებს. როგორც ალიანსში აცხადებენ, ეს მხოლოდ თავდაცვისათვის ხდება. რამდენად შემაშფოთებელი უნდა იყოს ჩვენთვის ეს ამბავი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ალიანსში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ელოდებიან?

- რა თქმა უნდა, სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელია სირიაშიც, ახლო აღმოსავლეთშიც და მასთან მიჯრით მდებარე ე.წ. დიდი კავკასიის რეგიონშიც. დღეს ის წესრიგი და სისტემა, რომელიც ამ რეგიონში არსებობდა, დამსხვრეულია. ახალი სისტემა კი არავის შეუქმნია. ერთგვარი ქაოტური მდგომარეობაა და ყველა ცდილობს თავისი ინტერესებით იმოქმედოს. იქნებიან ეს ირანელები, თურქები, ქურთები, არაბები თუ სხვა.

ყველა მსხვილი მოთამაშე, რომელიც ამ რეგიონში აქტიურად მუშაობს, მაგალითად, აშშ და რუსეთი, თავიანთი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. ამიტომაცაა უაღრესად არამყარი და არასტაბილური ვითარება. თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა შეიქმნება. საქართველოს კი გეოგრაფიულად ისეთი მდებარეობა აქვს, რომ მიმდინარე პროცესების მიმართ ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრაქტიკულად ჩვენ გვერდით ომი მიმდინარეობს, რომელიც დიდ ომში შეიძლება გადაიზარდოს. ყარაბახის კონფლიქტს ვგულისხმობ, სადაც გამყოფი ხაზი ყოველდღიურად ცეცხლის ალშია გახვეული უკვე არა მხოლოდ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით.

http://resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=27496

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.