ფეთჰულაჰ გიულენის ინტერვიუ

ჟურნალისტ ნურიე აქმანის ინტერვიუ ცნობილ მოაზროვნე ფეთჰულაჰ გიულენთან. ჯანმრთელობის გართულების გამო დროებით ამერიკაში წასული გიულენი 5 წლის შემდეგ პირველად ესაუბრა ნურიე აქმანს.

ინტერვიუს დროს გიულენმა მსოფლიოსა და თურქეთში მომხდარი მოვლენები შეაფასა და მის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებზე დაწვრილებით გასცა პასუხი. როდესაც სამშობლოსადმი მონატრების გრძნობაზე ლაპარაკობდა, ინტერვიუერმა განაცხადა: "უკანასკნელი ხუთი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე წლებია."

ფეთჰულაჰ გიულენთან ინტერვიუ პირველად 10 წლის წინ ავიღე, როდესაც გაზეთ "საბაჰის" კორესპონდენტად ვმუშაობდი. ეს იყო შემობრუნების წერტილი. მან ამ ინტერვიუს დროს პირველად გაგვიზიარა აზრი ისეთ საკითხებზე, რომელთა პასუხი საზოგადოებას ძალიან აინტერესებდა. მაშინ გვიამბო საერთოდ რას წარმოადგენდა და რა მიზნები ჰქონდა სამომავლოდ. 10 წლის შემდეგ, გაზეთ "ზამანის" კორესპონდენტად მუშაობისას, მასთან ინტერვიუს აღება ისევ მე მხვდა წილად. მე ამას ბედისწერას მივაწერდი. რახან 5 წელია, რაც ის სამშობლოს არის მოწყვეტილი, როგორც ჩემს ყველა კოლეგას, მეც ძალიან მაინტერესებდა მისი ცხოვრების დეტალები, საერთოდ, როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა ამერიკაში? როგორ შეიცვალა ამ ხანგრძლივი დაშორების შემდეგ მისი აზროვნება? როდის უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და, რა თქმა უნდა, მინდოდა ვყოფილიყავი პირველი კორესპონდენტი, რომელიც შეძლებდა მისგან ინტერვიუს აღებას. ამ თვალსაზრისით თავს ძალიან ბედნიერად ვთვლი, რომ მისი ემიგრაციაში ყოფნის მოწმე გავხდი.

მანამ, სანამ ჩემს შთაბეჭდილებაზე დავიწყებდე საუბარს, მინდა შევეხო ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალურია. ასეთია, მაგალითად, სად და როგორ ცხოვრობს გიულენი?

მე გავხდი იმის მოწმე, თუ როგორ ტანჯავდა მას ისეთი დაავადებები ჩვეულებრივი ადამიანი რომ ვერ აიტანს. ისე იყო ავად, რომ ერთი დღე მეორეს არ ჰგავდა, ერთი მომენტი- მეორე მომენტს. რომ იტანჯებოდა, ეს ყველაფერზე ეტყობოდა _ დაწყებული თვალებიდან, დამთავრებული ყველა ნაკვთით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, თვითონ მთელი ძალით ცდილობდა თავისი მდგომარეობა არ ეგრძნობინებინა ჩემთვის, რადგან ამას სირცხვილად თვლიდა და ცდილობდა ჩემს გაუთავებელ კითხვებზე დეტალურად ეპასუხა. მისი პირადი ექიმი წყვეტდა ინტერვიუს, მაშინ, როდესაც წნევა აუწევდა, მისი სხეული სიმხურვალისაგან იწვოდა და ერთი სიტყვის გამოთქმის თავი აღარ ჰქონდა. ისე, საერთოდ ეკრძალებოდა მას ხანგრძლივი საუბარი. გულში ჩადგმული ახალი აპარატურის შერჩევის პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. ამის გამო ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, მაგრამ თანაც ძალიან მინდოდა ამ ინტერვიუს ჩაწერა. თუმცა მას ვეუბნებოდი: "დღეისათვის დავამთავროთ და ხვალ გავაგრძელოთ". ის მეუბნებოდა: "თუკი ცოცხალი ვიქნებიო."

მიუხედავად იმისა, რომ თვლიდა, თავისი აზრებისა და გრძნობების გამოხატვის დრო არ იყო, ჩემთვის უარი არ უქთამს. როდესაც თავს კარგად გრძნობდა და ჩამოსულ სტუმრებს ესაუბრებოდა, მე ამ საუბრის დასწრების საშუალებაც მომეცა. მის საუბარს როდესაც ვუსმენდი, საერთოდ გაოცებული დავრჩი. რა ფართო განათლება ჰქონდა და როგორ ლაპარაკობდა სუფიზმის, ისტორიის, გეოგრაფიის, პოლიტიკისა და ლიტერატურის შესახებ!

მაშინაც არ უთქვამს უარი, როდესაც მისი საცხოვრებელი ოთახის ნახვის სურვილი გამოვთქვი. ერთკაციანი საწოლი, რომელსაც ფერადი ქსოვილების უბრალო გადასაფარებელი ჰქონდა გადაფარებული. ერთ კუთხეში იდო ტრენაჟორი. მისი ნივთები ძირითადად სიმბოლური ღირებულების საჩუქრები იყო. თურქეთის სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოტანილი მიწა კი, ალბათ, სამშობლოს მონატრების შეგრძნებას აკმაყოფილებდა.

მას შემდეგ, რაც ამერიკაში ჩამოხვედით, ხუთი წელი გავიდა არა?

ზუსტად დღეს ხდება 5 წელი, რაც მე ჩამოვედი.

როგორი იყო 5 წლის წინ ფეთჰულაჰ გიულენი და როგორია დღეს?

_ საერთოდ, წლები რომ გადის, ეს თავისთავად ახდენს ადამიანზე რაღაც გავლენას. ხასიათისა და ბუნების თვალსაზრისით დიდად არ შევცვლილვარ, მაგრამ განსხვავებული რაღაცები გავიგე და ვნახე. ხანდახან ხალხში გამოსვლისა და ლაპარაკის უფლებას მიზღუდავენ. ეს ხუთი წელი შეიძლება ჩაითვალოს ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე წლებად. ადრეც 6 წელი ვიყავი ასე უსამართლო განდევნაში. მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. შეიძლება ითქვას, რომ 27 მაისის შემდეგ, ჩემთვის უცნობი თუ ცნობილი მიზეზის გამო, ვიღაცებმა ცილისწამების, განდევნის ბრძანება გასცეს და მაშინვე ამ ბრძანების შესრულებას შეუდგნენ. მე ახლა 66 წლისა ვარ და ოცი წლიდან თითქმის სულ ასეთ მდგომარეობაში ვარ. ჩემთვის ყველაზე მწარე ეს იყო, რადგან ჩემი მხრივ ძალიან მგრძნობიარე ხასიათის ადამიანი ვარ. ხანდახან ისტერიკამდეც მივდივარ. სადმე ოდესმე ყავა თუ მაქვს დალეული, იმ ადგილას მეორედ რომ არ დავჯდე მე ამას ორგულობად მივიჩნევ. თუ სადმე ვარ ნამყოფი, იმ ადგილას რომ ერთხელ კიდევ არ გავიარო, ესეც ჩემთვის ორგულობასთან არის გაიგივებული. ოთახში თურქეთის 50 სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოტანილი მიწა მაქვს. მე მათ ვინახავ. ეს მიწები ჩემთვის ისეთივეა, როგორც ქააბას მიწა. ამ მიწებში ვხედავ რაღაც ნუგეშს, მაგრამ ვიღაცები რომ არ შეწუხდნენ და არ აღელდნენ, ეს ყველაფერი გულთან მიმაქვს ისე, როგორც ნაკვერჩხალი და კბილს ენას ვაჭერ.

ამ პროცესმა რა შედეგი გამოიღო? თქვენს ჯანმრთელობაზე და ფსიქიკაზე რაიმე გავლენა ხომ არ მოახდინა?

_ ამ ამბავს ორი მხარე აქვს. უფრო სამკურნალოდ ჩამოვედი. MAYO-ს კლინიკაში ბატონი საიდი მუშაობს. ადრე თურქეთშიც დადიოდა. იგი, ერთხელ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად იყო ჩამოსული. ჩემი გასინჯვა უნდოდათ. მეორე მხრივ, ჩემზე დიდ ზემოქმედებას ახდენდნენ. ჩემ შესახებ ყველგან არასწორ ჭორებს ავრცელებდნენ. ამ დროს იყო მცდელობები, რათა შემწყნარებლობის დონე გაზრდილიყო, ადამიანები თავიანთი პოზიციითა და მდგომარეობით კმაყოფილნი ყოფილიყვნენ და თურქეთში ეს ცხოვრების ერთ-ერთ ნაწილად გადაქცეულიყო. მეორე მხრივ, თურქეთში იყო კატეგორია იმ ადამაინებისა, რომლებიც ამ საქმიანობით ძალიან შეწუხებულები იყვნენ. გული ძალიან მაწუხებდა; შაქარი მემატებოდა; ქოლესტერინი კონტროლს არ ექვემდებარებოდა. MAYO-ში ჩამოვედი. მე მინდოდა აქ რამდენიმე დღე დავრჩენილიყავი. რამდენიმე დღე რამდენიმე თვედ გადაიქცა. მე მითხრეს, რომ ეს მოვლენები ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა. აქ დავიწყე მკურნალობა. მარილები მაწუხებდა. გულის გამო ხშირ-ხშირად ვხვდებოდი საავადმყოფოში. საავადმყოფოებში 20-ჯერ ვარ ნამყოფი. საავადმყოფოების გარდა არსად არ წავსულვარ. აქ ჩამოსვლის შემდეგ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, უფრო ცუდად გავხდი. იქ, სადაც გაზეთის ხმა არ მოდიოდა და რადიოს არ ვუსმენდი, თითქოს თავს უკეთ ვგრძნობდი. ჩემ გარშემო მომხდარ ამბებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ თურქეთი ძალიან მენატრებოდა და ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა.

ისლამური სამყარო წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ "ისლამი ტერორთან არ უნდა იყოს გაიგივებული," თუმცა ამის დასამტკიცებლად არაფერი გაუკეთებიათ. მაგრამ მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტი; შემდგომ პერიოდში კი ბევრ ქვეყანაში ტერორისტული აქტები მოაწყვეს თურქეთის ჩათვლით. გამოვლინდა, რომ ეს ტერაქტები ვინც მოაწყო თურქეთში, ჩვენებური იყო. ამ მოვლენების გამო ყველაზე მეტად ჩვენ არ უნდა გამოგვეხატა აღშფოთება?

მართალი ხართ. დღევანდელ მსოფლიოში ისლამის შესახებ ხალხს სრულყოფილი ინფორმაცია არ გააჩნია. მაჰმადიანები უნდა გამოსულიყვნენ და უნდა ეთქვათ, რომ "მაჰმადიანობაში ტერორისტი არ არის," რადგან მაჰმადიანურ მოძღვრებაში ადამიანის მოკვლა ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება. თქვენ არა გაქვთ უფლება ადამიანი რომ მოკლათ. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენთვის სასურველი ცვლილებების შეტანის უფლება არა გაქვთ. როცა ომში ხართ, მაშინაც კი არ გაქვს უფლება უმწეო ადამიანი მოკლათ. ვერავინ იქნება კამიკაძე. არავის აქვს უფლება, ბომბები ჩამოიკიდოს და უმწეო ხალხში თავი აიფეთქოს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან. იმის გამო, რომ ამას ყველა სათანადოდ ვერ გაიგებდა, ომის დროსაც კი, თავის აფეთქების ნებას არ აძლევდნენ. ერთ დროს რომ თქმულა _ ბავშვებს და მორწმუნე ადამიანებს ეკლესიებში ნუ შეეხებითო, _ ეს საკითხი ისე კი არ არის, თითქოს ოდესღაც ითქვა და დღეს უნდა შეიცვალოს. წმინდა მუჰამედი რასაც ამბობდა ამას ხალიფა ომარიც ამბობდა, ფათიხიც ამას იმეორებდა. მას რომ უთქვამს, ზუსტად იმის შედეგია, რომ დიდ არეულობებში ჩავარდნილი ქალაქი კონსტანტინეპოლი სტამბოლად გადაიქცა. ესე იგი არც ბერძენს დაუშავებია რამე სომხისთვის, არც სომეხს - ბერძენისთვის და არც მაჰმადიანებს - იმათთვის. სტამბოლის დაპყრობის შემდეგ საპატრიარქოში სულთან ფათიჰის უზარმაზარი სურათი ეკიდა (იმ დროს დახატული სურათი). სულთან ფათიჰს იმდროინდელი პატრიარქი გამოუძახებია და საპატრიარქოს გასაღები მიუცია. ამას დღესაც დიდი მადლიერებით იხსენებენ. როგორც ყველაფერს აქვს რაღაც ნაკლი ცხოვრებაში, ისევე მაჰმადიანობის გაგებაშიც არის ნაკლოვანი მხარეები.

ამის თქმა ძალიან მრცხვენია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მაჰმადიანურ სამყაროში ზოგი რელიგიის წარმომადგენლობებსა და უმწიფარ მაჰმადიანებს სხვა იარაღი არა აქვთ. მაჰმადიანობა არის წმინდა რელიგია. სწორედ უნდა გაგება. როცა მაჰმადიანობას მიმართავ, მიუღებელი წესების გამოყენებას კატეგორიულად უნდა აერიდო. როგორც მიზანი არის სწორი, ისე მასთან მისასვლელი საშუალებებიც უნდა იყოს სწორი. გამომდინარე აქედან, კაცის მოკვლით სამოთხეში ვერ მოხვდები. მაჰმადიანს არა აქვს უფლება თქვას: “მე კაცს მოვკლავ და ასე მოვხვდები სამოთხეშიო”. კაცის მოკვლით ალაჰის მოწონებას ვერ დაიმსახურებ. მაჰმადიანების ყველაზე დიდი მიზანი უნდა იყოს ალაჰის მოწონების დამსახურება და მისი წმინდა სახელის ყველგან გავრცელება.

_ მათი ლოგიკა ამდაგვარად ხომ არ მუშაობს: ომი ადრე ფრონტებზე იყო, მაგრამ დღეს ომი ყველგან შეიძლება. გამომდინარე აქედან, ეს ისე ხომ არა აქვთ აღქმული, როგორც ომი და ჯიჰადი. ამ გზით ხომ არ აპირებენ სამოთხეში მოხვედრას.

ისლამის წესები საყოველთაოდ არის ცნობილი. რიგითი პიროვნებები, რომელიმე ორგანიზაცია ან საზოგადოებები ომს ვერ გამოაცხადებენ. ეს არის სახელმწიფოს საქმე. სანამ სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ხელმძღვანელობა არ გამოაცხადებს ომს, მანამდე შენ ომს ვერ გამოაცხადებ. ეს რომ ასე იყოს, ყველას სურვილების მიხედვით იქნებოდა ომები. შეკრებს რამდენიმე კაცს _ ბოდიშს გიხდით ამ სიტყვის გამოყენებისთვის _ ბანდიტს. და მათთან ერთად ფრონტს გახსნის. სხვა ვინმე კიდევ სხვებს შეკრებს და ა. შ. მაგალითად, ავიღოთ თურქეთი. ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანები არიან. ამათ შორისაც კი ბევრი სხვის ხასიათს ვერ იტანს. ესენიც რომ ადგნენ და თქვან, _ “მე ამა და ამ პიროვნებას ომს ვუცხადებო?!” ან ისეთი ადამიანის მიმართ, ვინც არის ქრისტიანობის მიმართ შემწყნარებელი, _ “ქრისტიანობას ეხმარება, მაჰმადიანობას აზარალებს. ამის მიმართ ომი უნდა იყოს გამოცხადებული და უნდა მოვკლათო”, _ ხომ არ იქნება მისაღები? სანამ სახელმწიფო არ გამოაცხადებს ომს, მანამდე არ უნდა მიიღო ომში მონაწილეობა. ეს არც ისე უბრალო საქმეა. ეს სხვებმაც რომ გააკეთონ, ანდა ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანებმაც რომ გააკეთონ, ამას სწორ გზად ვერ მივიჩნევთ. იმიტომ, რომ ისლამის შინაარსს სრულიად ეწინააღმდეგება. ისლამში ომისა და მშვიდობის წესები კარგად არის დაწესებული.

_თუკი ასეთი მიდგომა ისლამის შინაარსს ეწინააღმდეგება, მაშინ ისლამური სამყარო რატომ არის ასეთი?

_ ჩემი აზრით, ისლამური სამყაროს სახელით სამყარო არ არსებობს. არის ისეთი ადგილები, სადაც მაჰმადიანები ცხოვრობენ. ზოგან _ ბევრი, ზოგან _ შედარებით ცოტა. ისიც _ კულტურულ-ტრადიციული მაჰმადიანობა. არიან ისეთი პიროვნებები, რომლებსაც ისლამი თავიანთი შეხედულებების მიხედვით აქვთ შეცვლილი. მე მხედველობაში არ ვგულისხმობ რადიკალს და კონსერვატორ მაჰმადიანებს. ადამიანს რაც სწამს, ის კარგად უნდა აღიქვას და ისე შასრულოს, როგორც წესი და რიგი. მაჰმადიანობა უნდა დავიცვათ. რომ ამბობენ "ისლამური სამყაროო", შეიძლება ვთქვა, რომ ამ სამყაროში ამ მიდგომისა და ფილოსოფიის საზოგადოებები არ არის. რომ ვქთვათ: "არისო," _ ეს იქნება მაჰმადიანობის მიმართ ცილისწამება. როცა ვიტყვით: "მაჰმადიანობა საერთოდ არა არისო" _ ესეც ერთვაგრი ცილისწამება იქნება.

დიდად არ მჯერა, რომ მაჰმადიანებმა დღევანდელი მსოფლიოს სტაბილურობის საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანონ. ლიდერებში ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ისლამურსამყაროში განათლების საქმეში ცოტა ფეხზე დადგომის ტენდენციები შეიმჩნევა, ხალხის უმრავლესობა მაინც გაუნათლებელია.

სადაც არ უნდა იყოთ, ამასთან დაკავშირებით, თუ გარკვეული წარმოდგენა გაქვთ, შეგიძლიათ ნახოთ, სადაც მაჰმადიანები ცხოვრობენ საერთოდ დაბალი დონეა. მსოფლიო პრობლემებზე დღესდღეობით ჩვენში ვერ იმუშავებენ. ეს, ალბათ, მომავალში გახდება შესაძლებელი.

ესე იგი, მძულს ბინ ლადენი

გამოვლინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდას თურქეთშიც ჰყავს მომხრეები. თქვენ აქცენტი გადაიტანეთ ძირითადად რელიგიურ მხარეზე. ამას სხვა მხარეებიც ხომ არ გააჩნია?

_ ბინ-ლადენი იმ ადამიანებს შორის ერთ-ერთია, ვინც ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად მძულს, რადგან მან მაჰმადიანობის წმინდა სახეს დიდი ზიანი მიაყენა. ამ საშინელი ნგრევის შედეგების გამოსასწორებლად ამის შემდეგ მთელი ძალითაც რომ ვიმუშაოთ, ძალიან დიდი დროა საჭირო. ჩვენ ამაზე სხვადასხვა პლატფორმებზე და ყველგან ვიტყვით. წიგნებს დავწერთ. გამოვაცხადებთ, რომ ეს ნამდვილი მაჰმადიანობა არ არის. ბინ-ლადენი თავის გრძნობებს და სურვილებს ისლამზე წინ აყენებს, მხეცობას სჩადის. მის გარშემო ვინც არის, ისინიც ასეთები არიან. თუ თურქეთშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იმავე აზრისანი არიან, ისინიც იმავე ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ამ მოსაზრებას ვგმობთ. მე ზემოთაც აღვნიშნე, რომ იმ სამყაროს ვერ ვუწოდებ ისლამურ სამყაროს, რომელიც დღეს ამ სახელით მოიაზრება. არის ქვეყნები, სადაც მაჰმადიანები ცხოვრობენ. კარგი თაობების აღსაზრდელად მაჰმადიანებმა თავიანთი პრობლემები უნდა მოაგვარონ. ამისათვის საჭიროა ახალი რეფორმების ჩატარება, ქვეყნის მეთაურის არჩევისას თუ უფრო მომთხოვნი უნდა იყვნენ, ეს უკვე აღარ ვიცი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტერორი ალაჰის სასჯელია. სიგარეტიც და ნარკოტიკიც სხვა სასჯელია. არეულობა კიდევ ერთი სასჯელია. ხალხი ერთმანეთს რომ ჭამს, ეს სხვა სასჯელია. სიდუხჭირისაგან თავის ვერ დაღწევა კიდევ ერთი სასჯელია. სხვები ყურმოჭრილ მონასავით რომ გვმართავენ, ამის მოთმენა და დამცირებულად ყოფნა სხვა სასჯელია. როგორც ცნობილი პოეტი აქიფი ამბობს: "ყველგან ძალადობა, დაცინვა, ტყვეობა, დამთირება, ნაირ-ნაირი სენი და ჩვევები შეიმჩნევა." ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი ერის სასჯელია და ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ამისთვის უნდა ვიყოთ მართალი და პატიოსანი ადამიანები. და ასეთ პიროვნებებად რომ ჩამოვყალიბდეთ, უნდა ვიყოთ ნამდვილი მორწმუნენი.

ტერორის მომხრე ადამიანები მაჰმადიანურ ოჯახებში ჩვენ თვალწინ გაიზარდნენ. ჩვენ გვეგონა, ისინი კარგი მაჰმადიანები იყვნენ. ისინი რომ ტერორისტებად ჩამოყალიბებულიყვნენ, რა პროცესი გაიარეს? ამაში ყველანი დამნაშავეები არა ვართ?

_ ჩვენი დანაშაული, ჩვენი ერის დანაშაულია. ნამდვილი მაჰმადიანი, ისეთი, რომელმაც კარგად იცის მაჰმადიანობის შინაარსი, ძალზე ძნელია ტერორისტად მოგვევლინოს. ვინც ტერორში არის გარეული ის ნამდვილ მაჰმადიანად აღარ ითვლება, რელიგია, მიზნის მისაღწევად, კაცის კვლის უფლებას ვერ მისცემს. ამავე დროს, ისინი ნორმალურ პიროვნებებად რომ გაზრდილიყვნენ, ჩვენ რა გავაკეთეთ? რომელი დამაჯერებელი არგუმენტით დავუდექით წინ? როგორი პასუხისმგებლობის გრძნობით აღვზარდეთ ისინი რომ მოლოდინი გვქონდა ამ საქმეში არ გარეულიყვნენ? ჩვენ გვინდა, რომ ცხოვრებისთვის საჭირო რაც არის, ყველაფერი ისწავლებოდეს სკოლაში. ჰიგიენაც, ცხადია, უნდა ისწავლებოდეს. მე მიმაჩნია, რომ ეს დარგი თვითონ ექიმებმა უნდა ასწავლონ. სასწავლებლებში კარგად უნდა ისწავლებოდეს ცხოვრებისეული, ოჯახური "დარგები": სქესთა შორის ურთიერთობები, ბავშვის აღზრდის საქმე..., მაგრამ ჩვენი პრობლემები მარტო ამ ყველაფრით არ შემოიფარგლება? თურქეთი და ის სამყარო, რომელსაც მაჰმადიანური სამყარო ჰქვია, ნარკოტიკებში, აზარტულ თამაშებსა და კორუფციაში არის ჩაფლული. თურქეთში თითქმის აღარ დარჩა ისეთი ადამიანი, რომელიც კორუფციაში არ იყოს გარეული. ვისი დაკითხვაც იყო შესაძლებელი, დაკითხეს, მაგრამ არის ისეთი კატეგორია, რომლის დაკითხვაც შეუძლებელია; იმათგან ახსნა-განმარტებას ვერ ჩაიბარებთ. და გამოდის, რომ თავიანთ დანაშაულს მალავენ და ჩქმალავენ.

ყველა ეს ადამიანი ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ყველა ჩვენი შვილები არიან. როგორ მოხდა, რომ ზოგი მათგანი ბანდიტად გაიზარდა? როგორ მოხდა, რომ ზოგიერთი ძალადობის წარმომადგენლად მოგვევლინა? როგორ მოხდა, რომ ესენი ჩვენს ერს ცოცხალ ბომბებად შემოუბრუნდა? როგორ მოხდა, რომ ზოგიერთმა საკაცობრიო ღირებულებებს წინააღმდეგობა გაუწია? ისინი ყველანი ჩვენში გაიზარდნენ. გამოდის, რომ განათლების სისტემას ნაკლოვანი და თავიდან განსასჯელი მხარეები ჰქონდა. ეს პრობლემები თავიდან უნდა აგვეცილებინა. გამოდის, რომ ადამიანის აღზრდა წინა პლანზე არ იყო წამოწეული. ამ დროს, ამ ყველაფრის მსხვერპლი, გახდა ახალი თაობა, დაუკმაყოფილებელი ახალგაზრდები და ისინი, რომელთა სულიერ მოთხოვნილებებს ვერ ვაკმაყოფილებდით. ვიღაცამ ამ ახალგაზრდებს ფული მისცა, ან რაღაც სხვა საშუალებებით რობოტები გახადეს. წამალი გაუკეთეს. ეს საკითხი დღესაც დგას დღის წესრიგში და პრესის საშუალებები ავრცელებენ ამაზე ინფორმაციებს. ისინი ზომბირებული გახადეს. ასეთ ადამიანებს ჩაადენინეს მხეცობა, ადამიანები დაახოცვინეს. მათი საშუალებით მოინდომეს თავიანთი მიზნების მიღწევა.

ერთი ჩემი მეგობარი იყო წასული ისრაელში. შემდეგ გადავიდა პალესტინაში. მან მეტად საინტერესო ამბები მიამბო. ძალიან განათლებული და პატიოსანი პიროვნება გახლავთ. იქ ასპირანტურაში სწავლობს. მან მითხრა: “ისრაელში 6 თვეს დავრჩი. შემომთავაზეს ერთ-ერთი სამშვიდობო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობაო”.

ვის შეუთავაზებია?

_ თვითონ ასე მითხრა: "ებრაელებმა შემომთავაზეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა პალესტინელმა იარაღის ვაჭარმა ხელი შემიშალა. ასეთებს უნდათ, რომ ეს ომი გაგრძელდეს. რადგან, იარაღის ვაჭრობით არიან დაკავებული. შეიძლება ქვეყნის მეთაურთან დაახლოებული ბევრი პირი ასე ფიქრობსო." გამომდინარე აქედან, ზოგიერთებს უნდათ, რომ ასეთი მოვლენები დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და ამით ისინი თავიანთ მიზნებს ახორციელებენ.

ეს ადამიანები გონებას კარგავენ. ჩემი აზრით, სტამბულში იგივე ამბავი განმეორდა. ვინც ტერორისტული აქტები მოაწყო, ისინი არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას შეგნებულად სჩადიოდნენ, ან მეჩეთიდან გამოსულები ყოფილიყვნენ, ანდა რაიმე გამოცდილება ჰქონოდათ ამ საქმიანობაში. დიდი შესაძლებლობაა, რომ ამ ადამიანებს რელიგიური განათლება ძალიან სუსტი ჰქონდათ. ვიღაცა დამრიგებელი, მეთაური ჰყავდათ. ცოტა ხომ არ არის, თურქეთში ასეთი ტერაქტების შედეგად დახოცილი ადამიანების რიცხვი? ერთ დაჯგუფებას ვიღაცა მოაკვლევინეს, მეორე დაჯგუფებას სხვები დაახოცვინეს. 1971 წლის 12 მარტისა და ასევე 1980 წლის 12 სექტემბრის მოვლენების დროს ხალხი როგორ მტრულად განეწყო ერთმანეთის მიმართ? ხალხმა ერთმანეთი იმსხვერპლა. ვიღაცების დახოცვის თავიანთი მიზნების აღსრულება განიზრახეს. ასეთები რომელ მხარესაც უნდა ყოფილიყვნენ, ტერორისტები იყვნენ, მაგრამ ამას ვერაფერი სახელი ვერ დაარქვეს. ერთი მხარე ამას ასე ხსნიდა: "მე ყველაფერს მაჰმადიანობის საკეთილდღეოდ ვაკეთებო," მეორე მხარე ამბობდა: "ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვიო," სხვა მხარე კი აცხადებდა: "მე კაპიტალიზმისა და კოლონიალიზმის წინააღმდეგ გამოვდივარო." ეს ყველაფერი, რაც ითქვა, იყო ხალხის მოტყუების მცდელობა. განა წმინდა წინგნი ყურანი ამ აზრს ქადაგებს? არც ერთ დაჯგუფებას არ ჰქონდა ლოგიკური მიზეზები. ამ დროს ხალხი იხოცებოდა, ნადგურდებოდა. ზოგი იძლევა ბრძანებას: "ეს საშიში პიროვნებაა, აუცილებლად უნდა განადგურდესო." და, შესაბამისად, მიწასთან ასწორებენ. წარმოუდგენელია, რომ ამდენი ადამიანი არაფრის გულისათვის დაიხოცა. ერთ დროს, ალბათ, ასეთი ბრძანება ჩემსა და ჩემი მეგობრების მიმართაც იყო გაცემული. მე ასეთი ბედი მქონია. ეს სურვილი ვერ განხორციელდა. ერთხელ ჩამივარდა ისეთი საბუთი, რომელშიც ეწერა ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტერორიზმთან იყო დაკავშირებული. ამას სხვანაირ განმარტებას ვერ მივცემთ. ამას არა მარტო მაჰმადიანები სჩადიოდნენ, არამედ ყველა. რადგან ამას ყველა სჩადიოდა, ჩვეულებრივ მოვლენად, ჩვევად გადააქციეს. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ერთხელ გველი მოკლა. თვითონ მქანდაგებლად მუშაობდა. უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. მე იმას ვუთხარი: რა უფლება ქონდა, რომ გველი მოეკლა. გველს ჰქონდა ბუნებაში სიცოცხლის უფლება. მას ერთი თვის განმავლობაში არ ველაპარაკებოდი, მაგრამ ახლანდელ ცხოვრებაში ასეთ დღეში ჩაგვაგდეს, რომ როდესაც ათ ან ოც ადამიანს მოკლავს, ჩვენ ამას ურეაქციოდ ვუყურებთ. თუ დიდ რიცხვს არ მიაღწევდა, ვამბოდით ხოლმე: "კიდევ კარგი, ბევრი ადამინი არ მომკვდარა," ეს აზრი ჩვენთვის ჩვეულ მოვლენად იქცა. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საზოგადოება ამ ფაქტს შეაგუეს.

ამ პრობლემის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური მეთოდები იქნებოდა განათლება, სახელმწიფოს მიერ შემოღებული უმკაცრესი კანონები და წესები. დღეს არსბეობს ისეთი ხელშეუხებელი ძალები, რომლებიც მათთვის მიუღებელ უწვრილმანეს დეტალებსაც კი ეწინააღმდეგებიან და უნდა ჭიანჭველა სპილოდ გამოაჩინონ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გამოსავალი მოეძებნება. გამოსავალი სიმართლის ქადაგებაა. ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ნამდვილი მაჰმადიანი ვერ იქნება ტერორისტი. ეს რატომ უნდა გავაკეთოთ? "ფემენ იამელ მისკალე ზერრეთინ ჰაირან იერაჰ ვე მენ იამელ მისკალე ზერრეთინ შერრან იერაჰ" ყურანის ზილზილას მე-7 და მე-8 აიეთები გვეუბნება: "წვეთისოდენა სიკეთეს თუ გააკეთებთ, იგი წინ კეთილად დაგხვდებათ, წვეთისოდენა სიავეს თუ გააკეთებთ, წინ ცუდად დაგხვდებათ." ყურანი მოგვითხრობს, რომ ერთი ადამიანის მოკვლა, კაცობრიობის დახოცვას უტოლდება. ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე ამბობს: "კაცისმკვლელი მუდმივად ჯოჯოხეთში იქნებაო."

11 სექტემბრის შემდეგ უფრო გასაგები გახდა, რომ მაჰმადიანები შეთქმულების თეორიისკენ იხრებიან. მარტო სხვები ხომ არ არიან დამნაშავეები? მხოლოდ იმათ ხომ არ უნდა ჩვენ ცუდები ვიყოთ? ისლამურ საზოგადოებაში თვითკრიტიკის კულტურა რატომ არ არსებობს?

_ ჯერ უნდა გავარკვიოთ ნათქვამი: “ისლამურ საზოგადოებაში თვითკრიტიკის კულტურა არ არისო”. მაჰმადიანობაში თვითკრიტიკა როგორ არ არის? რა თქმა უნდა არის.

_ ეს საკითხი უნდა დავაზუსტოთ, არა თვითონ მაჰმადიანობაში, არამედ იმ ადამიანებში, რომლებმაც არ იციან მაჰმადიანური რელიგიის შინაარსი, რომლებიც თავიანთი ინტერესების გამო სხვა კუთხით უყურებენ ყველაფერს.

მაღალი რანგის სამხედრო პირები თქვენთან ხომ არ ყოფილან, ისეთმა სამხედრო პირებმა ხომ არ გამოთქვეს შეხვედრის სურვილი, რომელნიც, კარგი თუ ცუდი გაგებით, თქვენი მოღვაწეობით იყვნენ დაინტერესებულნი?

_ ცუდი მიზნებით ჩემთან არავინ ყოფილა. ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობ. მათ სახელებს ვერ დაგისახელებ. მხოლოდ საჭმელი ჭამეს.

უმაღლესი რანგის პირები იყვნენ?

საკმაოდ, უმაღლესი რანგის პირები იყვნენ, ასეთი იყო რამდენიმე პირი. გულწრფელი და კეთილი ადამიანები არიან. ჩემს მოსანახულებლად იყვნენ, რამდენიმე საათი დარჩნენ და წავიდნენ. სხვა საქმეები არ ჰქონიათ.რა დროსაც არ უნდა ჩამოვიდე, იმავე დღეს უსიამოვნებას ამიტეხენ. მონატრების გრძნობას ჩემში ჩავმარხავ.

ოფიციალურად ხომ გეკრძალებათ დაბრუნება? რატომ აირჩიეთ აქ ყოფნა?

_ საგონებელში ჩავვარდი. რა დროსაც უნდა ჩამოვიდე, იმავე დღეს უსიამოვნებას ამიტეხენ. ის ადამიანები იმავეს გააკეთებენ, ვინც ცილი დამწამა, სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა. ამ ასაკში წნევამ ორასამდე ამიწია. წამლებმა ვერაფერი მიშველეს. ვიფიქრე, რომ სულ ასეთი ამბებით ცხოვრება გამიძნელდებოდა. ჩემს საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, მონატრების გრძნობა ჩემში ჩავმარხე. ზოგიერთებს საერთოდ არ გააჩნია სინდისი. ისეთ რამეებს წერენ, რაც საერთოდ არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ, იციან ტყუილია, მაინც წერენ. ზოგიერთებმა, მიუხედავად დიდი ზემოქმედებისა, სასამართლოში სიმართლე მაინც თქვეს. არც სამოთხეს, არც ჯოჯოხეთს, შუაში მოქცეულ რაღაცას ჰგავდა. აქედან შეიძლება ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მათი შინაგანი სამყარო სიმართლის თქმას მაინც მოითხოვდა. აქ ამერიკელ პროკურორს ახსნა-განმარტება მივეცი. პროკურორს ჩემთვის წამოყენებული პრეტენზიები 100 კითხვად ჰქონდა გამზადებული. ხმამაღლა ეცინებოდა, ხარხარებდა და ამბოდა: "ეს როგორი სამართალია? ასეთი რაღაცები ბრალად როგორ შეირაცხონო."?

მაგალითების დასახელება ხომ არ შეგიძლიათ?

_ მაგალითად, უთქვამთ: "თუკი ვიღაცები გითვალთვალებენ, თქვენს საქმიანობას თვალ-ყურს ადევნებენ და სახელმწიფო დაწესებულებებზე გავლენის მოხდენას თუ აპირებთ, თავი უნდა შეიკავოთ და თქვენი დამოკიდებულება სხვას არ უნდა აგრძნობინოთო." პროკურორმა ყველაფერზე გაიცინა. პროკურორი კარებთან დამხვდა. თარჯიმანიც ახლდა. ჭიქა თავისი ხელით გარეცხა და წყალი მომიტანა. სანამ დაკითხვაზე გადავიდოდა, მანამდე როგორც ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა, ისე დამამშვიდა თავისი საქციელით. დრო მომცა იმისათვის, რომ ჩემი ადვოკატები გამომეძახა და კარგად მეფიქრა ყველაფერზე. უნდოდა კითხვებზე ან "ჰო" ან "არა"-თი მეპასუხა. მინდოდა რაღაცები ჩამემატებინა, მაგრამ საჭიროდ არ ჩათვალა. დაკითხვის დამთავრებისას გამომაცილა. მე ჩემთვის ვთქვი: "თუ ამერიკის დამოკიდებულება სამართალისადმი ასეთია, დიდხანს იარსებებს."

ამერიკის წარმომადგენლები თქვენ რა თვალით გიყურებენ? როგორც სტუმარს თუ როგორც ემიგრანტს?

_ 5 წლის განმავლობაში არავისთან შეხვედრა არ მქონია. 1997 წელს გარკვეულ პიროვნებებთან მქონდა შეხვედრები, ზოგიერთებს კი, როცა თურქეთში ჩამოდიოდნენ, მაშინ ვხვდებოდი. ესენი იყვნენ: აკადემიკოსები, ტჰინკ-ტანკ-ის წარმომადგენლები. დიალოგის ფარგლებშიც მქონდა შეხვედრები, მაგრამ ჩვენიანებს სხვანაირად რომ არ გაეგოთ ამერიკელებს არ ვხვდებოდი.

თქვენი აზრით, რა დასკვნებს გამოიტანდნენ?

_ ამბობდნენ: "სკოლებს ამერიკა ეხმარებაო." ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი არ შემიტანია, მაგრამ იმათთვის სულ ერთია; შევიტანდით თუ არა, იმას მაინც იტყოდნენ. თურქეთში იყო ძალები, რომლებიც ყველაფერს უარყოფითად აფასებდნენ. მეშინოდა, ასეთი დასკვნა არ გამოეტანათ. ჩემს საწინააღმდეგო კონფერენციებს აწყობდნენ, რომელშიც გარკვეული წრეები იღებდნენ მონაწილეობას. იყო ელიზაბეთ ოზდალგა, რომელმაც შეხვედრის სურვილი გამოთქვა, მაგრამ უარი ვუთხარი. იყო იასემინ ჩონგარი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობდი. გაზეთი, სადაც ის მუშაობდა, დაჟინებით ითხოვდა შეხვედრას, იმათაც უარი ვუთხარი. იყო ასლი აიდინბაში; არ შევხვდი იმის გამო, რომ ზოგიერთი წრეები არ აღელვებულიყვნენ.

ისეთი შეგრძნება ხომ არა გაქვთ, რომ ამერიკელები გითვალთვალებენ?

_ ეს შესაძლებელია. ეს იმიტომაც არის შესაძლებელი, რომ საერთოდ, ამერიკელებს მსოფლიოს მასშტაბით მრავალმხრივი მიზნები აქვთ, რომელთა შორის ერთ-ერთი გახლავთ თურქეთი და მაჰმადიანური სამყარო. იმათ ყველაფერი აინტერესებთ. თვითონაც აცხადებენ, _ აქ ყველა ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ არისო _ როცა ჩემთან მოვიდნენ, ზრდილობიანად მექცეოდნენ. ჩემს პირადულ საქმეებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე მითხრეს: "ხომ შეიძლება ჩვენც ვისარგებლოთო." გამოძიებაზე მოსულთაგან ერთ-ერთი უშიშროებიდან იყო, მეორე _ საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

იმ დროს ჩემთან სხვა მეგობრებიც იმყოფებოდნენ. 11 სექტემბრის შემდეგ შექმნეს საინფორმაციო ბანკი, სადაც თავს იყრიდა ყველა ინფორმაცია. ჩემს მეგობრებსაც დაუსვეს რამდენიმე კითხვა. სხვათა შორის, ძალიან თავაზიანად ელაპარაკებოდნენ. ერთ-ერთ ამერიკელ ნაცნობს ეს ამბავი რომ გაუგია, თურმე უთქვამს: "ხომ არაფერი დაუშავებიათ? თუ რაიმე დააშავეს, ბოდიში მოვუხადოთო." აქ განყოფილებებს ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ. სინამდვილეში, სადაც ისინი მუშაობდნენ, ის განყოფილება არ ყოფილა ინფორმირებული. მე ასეთი კითხვები დამისვეს: "თქვენი აზრით, ამერიკელებმა ერაყში რა გზებს უნდა მიმართონ? როგორი მმართველობა უნდა იყოს დაპყრობის შემდეგ ერაყში, რომ სასარგებლო შედეგი მოჰყვეს"? მე ვუთხარი, რაც ერაყში მოხდა, დაპყრობაა. რაც არ უნდა უთხრათ თქვენ ხალხს, მაინც ვერ დაარწმუნებთ, რომ ეს არ იყო დაპყრობა. თუკი ჩემი შეხედულება გაინტერესებთ, ერაყში ისეთი დემოკრატია უნდა ჩამოაყალიბოთ, რომელიც თურქეთზე უკეთესი იქნება და ერაყელებს თურქეთის რომ არ შეშურდეთ. მაჰმადიანების მიმართ ისეთი შემწყნარებლები იყავით, ირანელების რომ არ შეშურდეთ. მე მგონი, რაც მე იმათ ვუთხარი, თავიანთ უფროსებს უთხრეს. რამდენადაც მე გავიგე, იმათ უფრო ის აინტერესებდათ ვინ ვიყავი მე, რას წარმოვადგენდი, რა შეხედულებები მქონდა. მეც შუააზიელი ვარ, თურქი ვარ. კითხვების საფუძველზე ჩემი მოსაზრებები გაიგეს. ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკაში თავისუფლება, ჩვენთან შედარებით, ყველა სფეროში აშკარად იგრძნობა. აქ შეხედულებებს, რწმენას, სიტყვის თავისუფლებას დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამ დადებითი მხარეებისა, მე მაინც ჩემი ხალხი მირჩევნია.

11-მა სექტემბერმა თქვენ მიერ წახალისებულ ადამიანებს ხელი ხომ არ შეუშალათ განათლებისა და სკოლების გახსნის საქმეში?

_ დღემდე ასეთი რაღაც არ მომხდარა. მე ამას ვხსნი იმით, რომ ჩვენი მეგობრები ზრდილობიანი და პატიოსანი ხალხი არიან. სადაც მიდიან, იმ ხალხთან ურთიერთობას ამყარებენ,

მაგრამ 11 სექტემბრის ტრაგედიამ თვითონ ამერიკელ ხალხზე ცუდად იმოქმედა. ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, დააშინა. ახალი ზომები მიიღეს, ახალი სამინისტროს ინსტიტუტი შემოიღეს. ამერიკაში სერიოზული ზეგავლენის ატმოსფერო შექმნეს. ამას ყველგან ხედავთ. იღებენ თითის ანაბეჭდებს, სურათებს. ადრე რეგისტრაციის უფლებას ადვილად აძლევდნენ, ახლა ეს პროცესი გაართულეს. მაგრამ, რაც შეგვეხება ჩვენ და, განსაკუთრებით, თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებს, სერიოზული ეჭვი არ ჰქონიათ. თურქებიც ხომ მაჰმადიანები ვართ. შეიძლებოდა იმავე კატეგორიაში გაეთვალისწინებინათ. თურქეთი რომ იმ ქვეყნებისაგან განსხვავებულია, ეს იმათაც იციან. თურქეთი დემოკრატიული და საერო (ლაცისტური) ქვეყანაა. ისეთი წარმოდგენა შეექმნათ, რომ თურქეთში ასეთი რაღაცები, მორწმუნეების მიერ ტერორისტული აქტები, არ იქნებოდა მოწყობილი. კონტროლზე აიყვანეს ისეთი მეჩეთები, რომლებიც ეკუთვნოდათ საუდის არაბებს, პალესტინელებს, იორდანიელებსა და არაბებს. არსად გამიგია, რომ თურქების მიმართაც ყოფილიყო ასეთი ქმედებები.

თურქეთში ერთმა კატეგორიამ გამოაცხადა, რომ თქვენ იყავით ქრისტიანობის მისიონერი. ამ თემასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?

_ ის კატეგორია, რომელიც ვერაფერს ვერ იტანს, ჩემზე ამბობს: “ამერიკის მომხრეა”, ხოლო სხვა კატეგორია კი, ჩემდა გასაოცრად, აცხადებს: “რელიგიის მომხრეა, აქ რელიგიური წესების დამკვიდრება უნდაო”. ეს პრეტენზიები ისე ურთიერთგამომრიცხავ ხასიათს ატარებს, რომ ჩემი აზრით, ვერავის ვერ დაარწმუნებენ, რომ საქმე მართლა ასეა და არა მგონია, რომ რაიმე მიზანს მიაღწიონ. ამ კატეგორიას კი ქრისტიანულ სამყაროსთან დაახლოება ისე აქვს აღქმული, ვითომ მე მხარს ვუჭერ იმ ქრისტიანებს, რომლებიც თავისუფლად დადიან, თავიანთ პროპაგანდას უწევენ და ა. შ. მე ამაში ვხედავ დიდ შურსა და სიძულვილს. დადებითი საქმიანობა რომ არის, ამას ვერ იტანენ.

შემწყნარებლობა და დიალოგი მე არ გამომიგონია. ამ საკითხთან დაკავშირებით ისტორიულ წარსულში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში კრებებს აწყობდნენ. მაჰმადიანებსაც იწვევდნენ. ასეთ შეხვედრებს აწყობდნენ არაბულ სამყაროში, შორეულ აღმოსავლეთში, ვატიკანში, ევროპასა და ამერიკაში. თურქეთიდანაც იწვევდნენ მეცნიერებს.

აქ მითხრეთ: ნობელის პრემიაზე წარგადგენთ, დიპლომს მოგცემთო

დაბრუნებისათვის როგორ ნიშანს ელოდებით? ბურუსით მოცული საქმე საერთოდ უნდა გამოირკვეს?

_ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს, რომ ეს ყველაფერი მოვისმინო. აქ არავითარი პრობლემა არა მაქვს. ისედაც დაუოჯახებელი პიროვნება ვარ. იმის გამო, რომ შაქარი მაქვს, წვეთ-წვეთ რამეებს ვჭამ. ძალიან ცოტა რაღაცებითაც ვკმაყოფილდები. ალაჰის დიდი მადლით 40-50 წიგნი მაქვს დაწერილი. ამ წიგნებიდან ჰონორარსაც მიგზავნიან. ამ გაგებით პრობლემა არა მაქვს. გაურკვეველი მდგომარეობა სანამ არ დაწყნარდება, მანამდე დაბრუნებას არ ვაპირებ.

ახალ სცენებს გაითამაშებენ. ამდვაგვარად, ცუდად მომექცევიან როგორც მე, ასევე ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. თანაც, ეს პატარა ჭკუის მქონე ადამიანები სულ იმის მოლოდინში იქნებიან, როდის მოკვდება, როდის მოკვდებაო? მე ასეთი ცუდი, გაფუჭებული აზრების მქონე ადამიანები, როგორებიც თურქეთში ვნახე, სხვა არსად მინახავს. აქ მითხრეს: “ნობელის პრემიაზე წარგადგენთ, დიპლომს მოგცემთო”. აქ ჩატარებულ კონფერენციებზე მოხალისე მშვიდობის დესპანების რიგში ჩამაყენეს. ამათაც აქვთ თავიანთი შეხედულებები, თვალები, ყურები და კრიტერიუმები, მაგრამ უფრო ყურადღებიანი და გაგებული ადამიანები არიან (ჟურნ. "მეგობრობა," № 3-4(12-13) მარტი-აპრილი, 2004 წელი).

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.