თანაგრძნობა

თანაგრძნობა ქმნილების უპირველესი საფუძველია. მის გარეშე ყველაფერი არეულ-დარეული და ქაოსურია. ყველაფერი თანაგრძნობით არსებობს, თანაგრძნობა აგრძელებს და აწესრიგებს არსებობას.

ცის კაბადონიდან წამოსული თანაგრძნობის მესიჯით დედამიწაც და ზეცაც მოწესრიგდა. სწორედ თანაგრძნობის წყალობით აღწევს ყველაფერი მაკროსამყაროდან მიკროსმყარომდე ამ ჰარმონიას, რომელიც აღტაცებას იწვევს.

ამ მოძრაობითა და მოქმედებით ყველაფერი გადის იმ მდგომარეობის რეპეტიციას, რომელიც მან მარადისობაში უნდა მოიპოვოს. და ყველა არსება ამისკენ მიისწრაფის, ფაციფუცშია; ყოველ გაფრთხიალებაში წესრიგია, ყოველ შეტოკებაში თანაგრძნობის ნაპერწკალი ჩანს.

განა შეიძლება ვერ შეამჩნიო ეს დიდებული წყალობა – თანაგრძნობა ჩვენს ცხვირწინ, სიოს ნარნარსა და წყლის რაკრაკში?

ღრუბელი, თანაგრძნობით ფრთაშესხმული, თავს დაგვტრიალებს. წვიმა, ზეცას მოწყვეტილი, აბჯარასხმული მხედარივით ჩვენს საშველად წამოსულა. ელვა ქუხილით გვახარებს ამ ფარულ წყალობას და სამყარო “მარადიული წყალობის” სახელით მელექსეობს. ზღვა და ხმელეთი, ხე და ბალახი პირისპირ, მხარდამხარ, ერთხმად, მაგრამ სხვადასხვა სიტყვებითა და ჰანგებით თანაგრძნობას აქებს და ადიდებს.

ამ ჭიაყელას შეხედეთ! იგი ძირს დაცოცავს, მას ვერავინ ამჩნევს და თანაგრძნობა სჭირდება; მაგრამ ისიც ერთი დაუღალავი მგზავრია - თანაგრძნობის გზაზე დამდგარი. მოწყალე მიწა მას მკერდს უხსნის. ჭიაც ამ ცხელ მკერდზე ათასობით ჭიას ტოვებს. მიწა მისით ისუნთქებს, მისით აფუვდება და მომწიფდება. მიწა ჭიაყელასთვისაა წყალობა, ჭიაყელა კი მიწისთვის. მაშ რა უნდა ვუთხრათ იმ უვიცებს, რომლებიც ბალახსა და ფესვს წვავენ სასუქის მისაღებად? საწყალი ადამიანი! ის ვერც კი ხვდება, რომ უმოწყალოდ ექცევა მიწასაც და ჭიაყელასაც!..

ახლა ამ ფუტკარსაც შეხედეთ, რომელიც ათასობით ყვავილს ეკეკლუცება, ან ამ აბრეშუმის ჭიას! რას არ აწყდებიან და რას არ იტანენ,  თავისი ხმა თანაგრძნობის ორკესტრს რომ შეუწყონ. განა შეიძლება ვერ შენიშნო, რა ტკივილს უმკლავდებიან ეს თავგანწირული გმირები, რათა ადამიანს თაფლი მიართვან და აბრეშუმით შემოსონ?

თანაგრძნობის გმირია ის კრუხიც, რომელიც წიწილის გადარჩენას ცდილობდა და ძაღლმა შეჭამა; ნუთუ არასოდეს დაფიქრებულხართ იმ მტაცებელის ვაჟკაცობაზე, რომელიც შიმშილს ივიწყებს და ნანადირევს თავის ნაშიერს აჭმევს?..

ამ სამყაროში ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, თანაგრძნობაზე ფიქრობს, თანაგრძნობაზე საუბრობს და თანაგრძნობას ელის. ამის გათვალისწინებით მთელს სამყაროს შესაძლებელია შევხედოთ ისე, როგორც თანაგრძნობის სიმფონიას. სხვადასხვა ხმები, ჰანგები ისეთი რიტმით ისმის და იღვრება, შეუძლებელია, ეს არ შენიშნოთ და ვერ გაიგოთ; და შემდეგ კი თითოეული თანაგრძნობისა და სიყვარულის უკან ვერ იგრძნოთ ის ღვთის წყალობა, რომელიც ამ იდუმალ გუნდს მართავს და რომელიც ყველაფერს გარს აკრავს...

ვაი, მათ, იმ უბადრუკ სულებს, რომელთაც ეს არ ესმით!..

ყოველივე ამის წინაშე ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა, თავისი ჭკუითა და ნებით, გონებითა და აზრით შეიმეცნოს ეს უკიდეგანო წყალობა და მას საკუთარი სუნთქვა და მელოდია შემატოს.

თანაუგრძნოს იმ საზოგადოებას, რომელშიც თვითონ ცხოვრობს, და ყველა სულიერს, ეს მისი ადამიანური მოვალეობაა. და ამ გზაზე გულმოწყალება და თანაგრძნობა მას აამაღლებს, ხოლო სისასტიკე და შეუბრალებლობა დაამდაბლებს და კაცობრიობის სირცხვილად იქცევა.

ჩვენ უფლისგან გვესმის, რომ ის, ვინც უწყლობით გაწამებულ საცოდავ ძაღლს წყალს მიაწვდის, სამოთხემდე ამაღლდება, ხოლო ის, ვინც კატას შიმშილით სულს ამოხდის, ჯოჯოხეთში დაიწვება.

მოწყალება გაიღეთ, რათა თქვენც წყალობის ღირსი გახდეთ! დედამიწაზე წყალობის გამცემს ზეციური სამყარო სიხარულს ამცნობს.

ჩვენმა წინაპრებმა ეს საიდუმლო შეიმეცნეს და ყველგან თანაგრძნობის კერა გააჩაღეს. მათ არამხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველთა დამცველი საზოგადოებებიც  დააარსეს. მათ მიერ თანაგრძნობისა და მოწყალების აღქმა ხასიათად, ზნედ იქცა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ.

ვინ იცის, რამდენ გულმოწყალე ადამიანს დაუკოდა გული ფეხმოტეხილმა ჩიტმა, ფრთამოტეხილმა ყარყატმა და მათ შთააგონა გუნდს ჩამორჩენილი გარეული ფრინველებისთვის ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა.

აჰ! ნეტავ შეგვეძლოს, ისევე თანავუგრძნოთ ადამიანებს, როგორც ისინი თანაუგრძნობენ ცხოველებს. ჩვენ არ გამოვიჩინეთ გულმოწყალება და უფრო მეტიც, ჩვენი თაობა გავანადგურეთ გულგრილობითა და შეუბრალებლობით. დიახ, სწორედ ჩვენ ვართ ნამდვილი დამნაშავე ამ სულის შემხუთველი ამბისა და აუტანელი საზოგადოებრივი ატმოსფეროს შექმნაში.

შესაძლებელია, რომ უზომო თანაგრძნობა და მოწყალების ბოროტად გამოყენება ზოგჯერ შეუბრალებლობასა და უმოწყალობაზე უფრო უსიამოვნო და ზიანის მომტანი იყოს.

თუ დროული, სწორად გამოჩენილი მოწყალება სიცოცხლის წყარო და ელექსირია, მისი ბოროტად გამოყენება, შხამად და ჯოჯოხეთის ხედ იქცევა. მთავარია, ამ წესის გააზრება. ჟანგბადისა და წყალბადის გარკვეული შეფარდება უმთავრეს სასიცოცხლო ელემენტს გვაძლევს. შეფარდების დარღვევისა და განცალკევების დროს აალებადი და მწველი ხდება. სწორედ ასევე მნიშვნელოვანია, რა დოზით და ვის მიმართ იჩენენ თანარძნობას. “მტაცებლის მიმართ გამოჩენილი მოწყალება მას მადას უღვივებს და შემდეგ იგი ძღვენს მოითხოვს”. ცოფიანის მიმართ მოწყალება მას უფრო აგრესიულს ხდის და სხვაზე თავდასხმისთვის წააქეზებს. არ შეიძლება მოწყალე იყო ისეთის მიმართ, რომელსაც დაგესვლა ანიჭებს სიამოვნებას. ასეთის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა ნიშნავს მსოფლიოს მართვა კობრებს ჩაუგდო  ხელში...

ხელსისხლიანის, პირსისხლიანის, თვალსისხლიანის, ერთი სიტყვით, გიჟისა და მკვლელის შეწყალება, ყველა მსხვერპლისა და ჩაგრულის მიმართ გამოჩენილი ყველაზე დიდ სისასტიკეა. ეს იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც მგლებს იბრალებენ და კრავებს ივიწყებენ.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.