• მთავარი
  • ფიქრები
  • მე, ქრისტიანი, ასე ვფიქრობ ამ ბრძენ კაცს იმთავითვე, ყურს თუ დავუგდებთ, 11 სექტემბერი იქნებ მშვიდობიანადაც დაღამებულიყო

მე, ქრისტიანი, ასე ვფიქრობ ამ ბრძენ კაცს იმთავითვე, ყურს თუ დავუგდებთ, 11 სექტემბერი იქნებ მშვიდობიანადაც დაღამებულიყო

ემი უკვე არცთუ, ხანმოკლე სიცოცხლის მანძილძე არა ერთსა და ორ ბრძენ კაცს შევხვედრივარ როგორც თვითონ კავკასიაში და რუსეთში, ისე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. დიდი მუსლიმური ქვეყნები, კერძოდ, თურქეთი და ირანი მხოლოდ ბოლო ათწლეულში მოვინახულე, ამ დაგვიანებულ მონახულებას კი, ცხადია, ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის უდიდეს ნაკლად მივიჩნევ, მარტოოდენ ჩემი ბრალი სულაც არ არის. რა ვქნა, ასეთი დრო ჟამი იდგა . . .

დღეს, როდესაც მთელი დედამიწის ზურგზე ამდენს ვლაპარაკობთ მსოფლიო ტერორიზმის საშიშროებაზე და ამ ტერორიზმს განვიხილავთ როგორც სოციალურად უმიზეზო აბსოლიტურ ბოროტებას, რომელსაც მთელი კაცობრიობა უნდა აღუდგეს, მეხსიერებაში ერთი მართლაც ბრძენი მუსლიმანი კაცის სახე მიცოცხლდება. ეს კაცი თურქი ფეთჰულაჰ გიულენია, თურქეთის მწერალთა და ჟურნალისტთა ფონდის საპატიო თავმჯდომარე, ისლამური თეოლოგიის ცნობილი მეცნიერი, მწერალი, რომელიც, უკვე რა ხანია, ხალხებს შორის რელიგიათა და კულტურათა დიალოგს წარმართავს ტოლერანტობის, ანუ შემწყნარებლობის საფუძველზე. რა ვუყოთ, თუ ჯერჯერობით ხშირად უდაბნოსა შინა მღაღადებელსა ჰგავს. აკი ერთი ჩვენი ანდაზაც ამბობს, ბატკანი კი ერთი ბღაოდაო.

ამ ბრძენი კაცის გაცნობის საშუალება ჩემმა თურქმა მეგობრებმა მომცეს. ისინი, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მოყოლებული, საქართველოში კეთილად საქმიანობენ და ერთხელაც, სხვა ქართველ ჟურნალისტებთან ერთად, მეც მიმიწვიეს თავიანთ სამშობლოში. სწორედ მაშინ, 1998 წლის ზაფხულში, შევხვდი ფეთჰულაჰ გიულენს სტამბოლში. ძალიან გულთბილად მიგვიღო. ტკბილად გაგვიმასპინძლდა (არა მარტო იმიტომ, რომ ტკბილი სუფრა გაგვიშალა).

ერთხელ უკვე ვწერდი და ეხლა უნდა გავიმეორო: ფეთჰულაჰ გიულენზე თბილისში იმდენი ერთმანეთის საწინაამღდეგო აზრი მსმენოდა, როგორც `ამჟამად ნურისტების, ანუ ფუნდამენტალისტების იდეურ ხელმძღვანელზე~, რომ ერთი სული მქონდა, სანამ შევხვდებოდი. ჩვენი მასპინძელი, უკვე ხანდაზმული კაცი, ფრიად დარბაისელი და გულღია ადამიანი გამოდგა. ჩემი სიმდიდრე ჩემი წიგნები და ჩემი ლოგინიაო. ჩვენი ფონდი, პირადად მე და ჩემი მეგობრები, ყოველთვის მომხრენი ვიყავით და ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობისა. ფათიჰის უნივერსიტეტში თუ ჩინურ, იაპონურ და ესპანურ ემებს ასწავლიან, რატომ არ უნდა ესწავლებინათ ქართული, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენაო. ამიტომ გაიხსნა აქ ქართველოლოგიური ფაკულტეტი, თურქეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა გაიხსნას ეს ფაკულტეტი, რაც დიდ სარგებელს მოგვიტანს ორსავე მხარესო. კარგია, რომ საქართველოშიც არის თურქული სკოლები და უნივერსიტეტიო. დადგა დრო, რომ კეთილგანწყობილად ვიცხოვროთო. . . მე პირადად ყველა რელიგიას პატივსა ვცემ. დიალოგი და ურთიერთობა ყველა სარწმუნოების ხალხთან შემიძლიაო. მუსლიმური თეოლოგია, რასაკვირველია თავისი პრინციპებით ცხოვრობს, მაგრამ კარს სხვას არასოდეს უკეტავსო. ფუნდამენტალიზმი და პანთურქიზმი უკან სვლაა, რეგრესიაო. . . დიალოგისთვის საჭიროა, რომ ყველა ხალხთან გვქონდეს ურთიერთობა, უფრო ხშირად ვხვდებოდეთ ერთმანეთს, რაღა დროს უკან ცქერაა, მესამე ათასწლეული იწყებაო. ქრისტეს დაბადების 2000 წლისთავი ჩვენი, მუსლიმანთა ზეიმიც არის, იგი ყურანში ხომ ისა წინასწარმეტყველის სახელით არის ცნობილიო.

`როგორც ჩვენს დროში, წარსულშიც რელიგიის სახელით არაერთი კონფლიქტი მომხდარა და ეს არის შედეგი იმისა, რომ რამდენიმე უმწიფარი სული მსხვერპლად შეეწირა ანგარებას. ძირითადად რელიგია არის მტკიცე ხიდი მრავალ ფრონტად გათიშულ ადამიანებს შორის. იგი არის ბრძმედი, რომელიც ადნობს ანგარებასა და ეგოიზმს, თბილი სიყვარული, რომელიც განამტკიცებს მტრობის მომშლელ მეგობრობას, კეთილგანწყობა და თავშესაფარი, რაც იმის საწინდარია, რომ ადამიანი არ მოხვდება დაუდევრობის ბუდეში და უფსკრულში არ ჩავარდება~.

იმხანად ფეთჰულაჰ გიულენი ვატიკანიდან ახალი დაბრუნებული იყო, სადაც რომის პაპს, პავლე იოანე მეორეს შეხვედროდა და იმ შეხვედრის სამახსოვრო სურათიც თვალსაჩინოდ გამოეფინა, ხოლო პაპთან გამართული დიალოგი, უკვე ცალკე წიგნად გამოცემული, ყველა სტუმარს გვისახსოვრა (წიგნში რელიგიათა შორის ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთდიალოგზე და თანამშრომლობაზეა ლაპარაკი). როგორც ვიცი, იმის შემდეგ ჩვენი მაშინდელი კეთილი მასპინძელი მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელსც შეხვდა და სრულიად იუდეველთა მეთაურსაც. ამჟამად იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკურნალოდ სტუმრობს და იქაც კვლავ რელიგიათა და კულტურათა შორის დიალოგის დაუცხრომელ მქადაგებლად გვევლინება.

სრულიად ბუნებრივია, რომ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისა და თვითონ ამერიკის ბევრ ქვეყანაშიც განსაკუთრებული ყურადღემა მიიქცია ფეთჰულაჰ გიულენის ფრიად გამორჩეულმა ფილოსოფიურ-თეოლოგიურმა ნააზრევმა, რომელიც `ისტორიული წარსულის გაერთიანებისა და მომავლის გონივრულად მომზადების~ სახელწოდებით არის ცნობილი. ისიც ბუნებრივია, რომ წლეულს, გაზაფხულზე, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში საგანგები კონფერენცია მიეძღვნა თემას: ფეთჰულაჰ გიულენი და თანამედროვე ისლამი. კონფერენციაზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა თურქი მეცნიერის ზემოხსენებული ნაშრომის უდიდეს მნიშვნელობას მომავალ თაობათა აღზრდის საქმეში. ის ინფორმაცია, რომელიც ამ კომფერენციის გამო მთელი მსოფლიოს პრესაში გავრცელდა, გვატყობინებს, თუ რა როლი ეკუთვნის გიულენს, XXI საუკუნის რელიგიურ მოძრაობათა ერთერთ თავკაცს, ახალი ისლამის მოდერნიზაციის საკითში. მოდერნიზებული ისლამი კი, როოგორც ცნობილია, მსოფლიოში ოფიციალურად ყველაზე მძლავრად ქემალისტურ თურქეთში გამოვლინდა და სრულიად ახალი ტიპის რელიგიის ამაღლება გამოიწვია: აქვე იმასაც ვიგებთ, რომ გიულენისეული `ყოველთა მუსლიმანთა მოძრაობა~ ხელს უწყობს `საერთო გრამატიკის და ახალი სოციალური კონტაქტების დამყარებას~, რის ნაკლოვანებასაც განიცდიან თურქეთში. რაც მთავარია, ჯორჯტაუნის ხსენებული კონფერენციის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ გიულენის აზრები ადამიანში კერძო რელიგიურ და ეროვნულ პრინციპებს კი არ აღვივებს, პირიქით, მრავალმხრივ კულტურულ ადამიანად ანვითარებს. ამიტომ მივიდნენ ყველანი ერთ დასკვნამდე: დავაკვირდეთ, რა გავლენას ახდენს გიულენის ნააზრევი მსოფლიოს სკოლებსა და უნივერსიტეტებზე, დავაკვირდეთ აგრეთვე, რა გავლენას მოახდენს გიულენისეული ისლამისა და მოდერნიზმის შეკავშირება თურქეთზე, შუა აზიასა და ახლა უკვე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზეც. უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, თუ რაგვარად აირეკლება გიულენის ნააზრევი როგორც ისლამურ სამყაროს, ისე დასავლეთის ადამიანებზე.

ჩემი ძველი თურქი მასპინძლის ესოდენ ღრმა კაცთმოყვარულ ნააზრევზე იმად შევჩერდი, რომ დღე ფეხს იკიდებს აშკარად საშიში და კერძო, მხოლოდ ვიღაც-ვიღაცეებისთვის სასარგებლო იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც თითქოს რომელიღაც ეგრეთწოდებულმა `ტერორისტულმა ინტერნაციონალმა~ ომი გამოუცხადა მთელ დანარჩენ მსოფლიო ცივილიზაციას, რომ დრო და დრო ჩნდებიან არასრულქმნილი არსებანი, ბიოლოგიური არაკაცნი, თვითონ ბუნებისაგან ტერორისტებად დაბადებულნი. ერთი თანამედროვე რუსი ფილოსოფოსის აზრით, არა ერთი და ორი ამერიკელი ვაიმეცნიერი ტერორიზმის საფუძველს უწინარესად სწორედ გენების კომბინაციაში ეძებს. ზოგნი კი, ასეთი მიდგომის გათვალისწინებით, სხნას `ბუდიზმისა და ისლამის საიდუმლოებათა~ ამოცანაში ხედავენ. ვინაიდან, არამც და არამც არ უნდათ იმის დანახვა, რომ ეს ანტიამერიკული ტერორიზმი, უპირველეს ყოვლისა, იქნებ სულაც იმ ხალხებისა და იმ ქვეყნების საპასუხო რეაქციაა, რომელიც დღევანდელი ნაძალადევი გლობალიზაციის, ანუ ამერიკისა და ნატოს მსხვერპლნი არიან. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნებში ბევრი გამოთქვამს იმ აზრს, რომ ანტიამერიკულ ტერორიზმს ამერიკამ თავისი `სახელმწიფო ტერორი~ დაუპირისპირა.

ეს ნამდვილად საშიში გზაა. ამ გზით კაცობრიობა მშვიდობიან ამინდს ვერ დაიყენებს.

კიდევ კარგი, რომ დედამიწის ზურგზე არ გადაშენებულან და არიან ფეთჰულაჰ გიულენისნაირი მოაზროვნენი, რომელსაც საყოველთაო ბოროტების სათავედ ესა თუ ის რელიგია, ანდა თვითონ ადამიანის ბუნება კი არ წარმოუდგენით, არამედ სამართლიანად მიიჩნევენ სოციალურ მოვლენას და ყოველგვარი უბედურებისაგან ერთადერთ საშველად მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანობაზე დიალოგი ესახებათ.

ახლად გამომავალი ქართულ-თურქული ჟურნალის პირველი ნომრისთვის ამ პატარა წერილის წერისას თითქოს ყურში ჩამესმოდა ჩემი ბრძენი თურქი მასპინძლის სიტყვები: ავი და ცუდი კაცნი ჯერ კიდევ ყველგან არიან, ჩვენშიც და თქვენშიც, იმათ არც თურქებისთვის უნდათ ხეირი და არც საქართველოსთვის, არ უნდა ჩვენი ქვეყნების კარგი მეზობლური ურთიერთობაო. საქართველოში არა ვყოფილვარ, 1965 წელს მხოლოდ სარფამდე მოვედიო. მართალია, გარკვეული პოლიტიკური ძალები ჩემს ყოველ სტუმრობას ამა თუ იმ ქრისტიანულ და არაქრისტიანულ ქვეყანაში უმეცრებისა თუ ბნელი ზრახვების გამო რაღაც შავ პოლიტიკურ სარჩულ უდებენ, მაგრამ საქართველოში მაინც აუცილებლად ჩამოვალო . . .

რა კარგია, რომ ყოვლის გამომცდელმა დრომ და ერთმანეთთან კეთილად მოლაპარაკე გულების მზემ მართლაც გვარიანად გაახურა ყოველგვარი უნდობლობის `შავი პოლიტიკური სარჩული~, სიშავეც დაუკარგა, სიმკვრივეც, და თუ, როგორც გიულენი ბრძანებს, ჩვენი საყოველთაო მომავალი დღეს მზადდება, მთავარია, რომ იგი ყველამ ერთად გონივრილად მოვამზადოთ.

საქართველოს რესპუბლიკა
გურამ გოგიაშვილი
ქ.თბილისი 30 / XI / 2001 წ.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.